ბადრი ესებუას მამა ფიქრობს, რომ მისი შვილი უდანაშაულოა

პუბლიკა

ბადრი ესებუას მამა, ტარიელ ესებუა აცხადებს, რომ მისი შვილი უდანაშაულოა.

ჟურნალისტების შეკითხვაზე, ფიქრობს თუ არა რომ მისი შვილი უდანაშაულოა, ის პასუხობს: „კი, უდანაშაულოა“.

ესებუას ადვოკატის, სოსო ჯანაშიას თქმით, მისი ინფორმაციით, „ის ამ ხნის განმავლობაში საქართველოში იმყოფებდა. იყო აფხაზეთშიც, მაგრამ დიდი ხნით არა”.

„ის, თუ რატომ იმალებოდა, მისი განმარტებით, ყაჩაღობიდან მეორე დღეს გაჟღერდა მისი სახელი, დაიწყო საგამოძიებო მოქმედებები და გაუჩნდა განცდა, იმის გამო, რომ თანხა იყო ბანკიდან წაღებული, შესაძლოა, ყოფილიყო დევნის ობიექტი ყველა მხრიდან, მარტო პოლიციას არ გულისხმობდა. შეიძლება ვინმეს გასჩენოდა ინტერესი და „ენადირათ” ამ პირზე. იმის გამო, რომ საფრთხეს გრძნობდა, თავი აარიდა. მისი ძმაც დააკავეს, ნახა, რომ შურისძიება ხორციელდებოდა მის ოჯახზე და არაკანონიერი დევნა მასზე, ამიტომ გადაწყვიტა, რომ არ გამოჩენილიყო”, – განაცხადა მან.


ბადრი ესებუა დღეს სამეგრელოში დააკავეს, დაკავების ადგილიდან ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი და ვაზნები. ესებუა 2020 წლიდან იძებნებოდა.

შსს-ს ცნობით, მის მიმართ წარსადგენი მუხლები 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.