დღეს თბილისის საკრებულოში მე-7 მოწვევის წევრების უფლებამოსილება ცნეს, აირჩიეს საკრებულოს თავმჯდომარე და მოადგილეები.
როგორც ცნობილია, თბილისის საკრებულო „ქართული ოცნების“ 19, ენმ-ის 13, „გირჩი – მეტი თავისუფლების“ 1, „ხალხისთვის“ 1, გახარიას პარტიის 4 და „ლელოს“ 2 დეპუტატითაა დაკომპლექტებული.
„ლელოდან“ საკრებულოში საბა ბუაძე და ბადრი ჯაფარიძე არიან წარმოდგენილები, თუმცა დღეს ცნობილი გახდა, რომ ბადრი ჯაფარიძე საკრებულოს მანდატს დატოვებს და მის ადგილს, სავარაუდოდ, ვატო სურგულაძე დაიკავებს.
როგორც საბა ბუაძე განმარტავს, ჯაფარიძის ეს გადაწყვეტილება განპირობებულია იმით, რომ ის ამავდროულად არის საქართველოს პარლამენტის წევრიც.
ბუაძის თქმით, „ლელო“ საკრებულოში მუშაობის დაწყებას გეგმავს.
„ვაპირებთ, საკრებულო გადავაქციოთ ადგილად, რომელიც თბილისელების პრობლემების მოგვარებით იქნება დაკავებული“, – განაცხადა მან.