თბილისის საკრებულოს თავმჯდომარედ გიორგი ტყემალაძე აირჩიეს | ენმ-მ სხდომა დატოვა

პუბლიკა

დღეს თბილისის ახალარჩეული საკრებულოების პირველი სხდომა გაიმართა.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარედ გიორგი ტყემალაძე აირჩიეს. თავმჯდომარეობის სხვა კანდიდატი სხდომაზე არ დასახელებულა.

თავმჯდომარის პირველ მოადგილედ აირჩიეს გიორგი ახვლედიანი, მოადგილეებად – თინათინ ნიბლოშვილი და ზურაბ აბაშიძე.

ცესკოს მონაცემებით, თბილისის საკრებულოში მანდატები ასე განაწილდა: ენმ – 13, „ლელო“ – 2, გახარიას პარტია – 4, „ქართული ოცნება“ – 19, „გირჩი – მეტი თავისუფლება“ – 1, პარტია „ხალხისთვის“ – 1;

საკრებულოს სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სოფო ჯაფარიძემ სხდომაზე სიტყვა მოითხოვა და წუთიერი დუმილით ბათუმის საკრებულოს გარდაცვლილ წევრს, ნუგზარ ფუტკარაძეს  პატივი მიაგეს. სხდომაზე ასევე პატივი მიაგეს აბაშის საკრებულოს გადაცვლილ წევრს, ზურაბ შუბლაძეს.

ამის შემდეგ სოფო ჯაფარიძემ განაცხადა, რომ პროტესტის ნიშნად „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” დღევანდელ სხდომას ტოვებს და ამის მიზეზებზე ისაუბრა:

„ჩვენ ვუსმენდით ცესკოს წარმომადგენელს, რომელმაც დიდი სიამაყით და სიმშვიდით წარმოგვიდგინა არჩევნების შედეგები, თითქოს ასეთი საამაყო და სანიმუშაო არჩევნები ჩაატარეს, თუმცა, სამწუხაროდ, რეალობა იყო სრულიად საპირისპირო და განსხვავებული. ჩვენ წინასაარჩევნოდ ყოველდღიურად ვუყურებდით ადამიანების მოსყიდვას, დაშინებას, ძალადობას. ვუყურებდით, როგორ იყენებდა ხელისუფლება ადმინისტრაციულ და ფინანსურ რესურსს მის საკეთილდღეოდ და არჩევნების დღეს ვუყურებდით კარუსელებს, ფულის დარიგებას, თუ როგორ ეხმარებოდნენ სუს-ის წარმომადგენლები და კრიმინალები „ქართულ ოცნებას”.

ამ ყველაფრის მიუხედავად, ოპოზიციამ შეძლო და მოიგო ცალკეული მუნიციპალიტეტები, მათ შორის, ბათუმის საკრებულო და აქ დაიწყო უკვე შემდგომი ზეწოლა. ძალადობა, მოსყიდვის მცდელობები კონკრეტული დეპუტატების მიმართ და მათ შორის ჩვენი კოლეგის, არაჩვეულებრივი ადამიანის, ნუგზარ ფუტკარაძის, ვისი სიცოცხლეც ამ ყველაფერს ემსხვერპლა. მისმა გულმა ამ ყველაფერს ვერ გაუძლო.

ჩვენ ყველამ ვთქვით, რომ დღეს არ გვაქვს მის მორალური უფლება, რომ დავესწროთ დღევანდელ სხდომას და შეგიქმნათ ე.წ. დემოკრატიის ფასადი, თითქოს არაფერი არ ხდება და ყველაფერი არის კარგად”, – განაცხადა ჯაფარიძემ.

სხდომა დატოვეს გახარიას პარტიის, „საქართველოსთვის“ წევრებმაც. გიორგი შარაშიძის თქმით, პროტესტს უცხადებენ „ოცნების“ ერთპიროვნულ მმართველობას.

აღსანიშნავია, რომ მომავალ სხდომებში ეს ორი პარტია მონაწილეობას მიიღებს.