ბაგებისა და უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი საბაგირო გადახდის ინტეგრირებულ სისტემაში ჩაერთვება

პუბლიკა

15 ივნისიდან ბაგებისა და უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი საბაგირო გადახდის ინტეგრირებულ სისტემაში ჩაერთვება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნული საბაგიროთი მგზავრობის ღირებულება 50 თეთრით განისაზღვრება.

„ბაგებისა და უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი საბაგირო ამდენი ხნის განმავლობაში გაჩერებული იყო, თუმცა რეაბილიტაციის შემდეგ 20 აპრილიდან ემსახურება თბილისის მოსახლეობას. თქვენ იცით, რომ სტუდენტებისთვის ჩვენ ის გავხადეთ უფასო. დღეს ვიღებთ გადაწყვეტილებას, რომ სხვა მგზავრებისთვის 50 თეთრით განისაზღვროს მგზავრობის ღირებულება და აღნიშნული საბაგირო 15 ივნისიდან ჩაერთოს გადახდის ინტეგრირებულ სისტემაში. ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანს, რომელიც მგზავრობს მეტროთი, ავტობუსით ან მიკროავტობუსით, 90 წუთის განმავლობაში ექნება შესაძლებლობა, უფასოდ გამოიყენოს ეს საბაგირო. ძალიან ბევრი ადამიანი სარგებლობს ამ საბაგიროთი და ვფიქრობ, ეს ძალიან კარგი და მნიშვნელოვანი გადაწყვტილებაა“, – განაცხადა კახა კალაძემ.