ბაგრატის ტაძარში წყალი ჩადის | რას აპირებს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო

ქრისტინე მუჯირი

ბაგრატის ტაძარში წყალი ჩადის და კედლები სველდება. ამის შესახებ ინფორმაცია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა, ნიკა ანთიძემ გაავრცელა.

აღსანიშნავია, რომ შენობაში წყლის ჩადინების შესახებ ინფორმაცია 2016 წელსაც ვრცელდებოდა. სააგენტოში აცხადებენ, რომ 2017 წელს პრობლემა აღმოიფხვრა, თუმცა მან კვლავ იჩინა თავი.

„პუბლიკა“ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს დაუკავშირდა. მათი წარმომადგენელი, ბექა ბარამიძე აცხადებს, რომ სააგენტოს ბაგრატის ტაძარში წყლის ჩადინების შესახებ ინფორმაცია ადგილობრივმა ეპარქიამ მიაწოდა. მისივე თქმით, წინასწარი მონაცემებით, წყლის ჩადინების მიზეზი, სავარაუდოდ, ძეგლზე ცუდად შესრულებული სამუშაოებია, მაგრამ, ვინაიდან სარეაბილიტაციო სამუშაოებიდან 9 წელია გასული, ხელშეკრულებიდან გამომდინარე, პასუხისმგებლობა შემსრულებელ კომპანიას ვერ დაეკისრება.

ბარამიძე ამბობს, რომ ძეგლთა დაცვის სააგენტო უზრუნველყოფს, შეიქმნას სპეციალისტებით დაკომპლექტებული ჯგუფი, რომელიც შეისწავლის და ხარვეზებს დაადგენს, რის შემდეგაც განისაზღვრება ის სამუშაოები, რომელიც ძეგლზე უნდა წარიმართოს.

„დაზიანებაა მთავარი კათედრალის მთავარ სივრცეში. ის, რაც ახალი კერების სახით არის გამოვლენილი, არის გუმბათის ყელზე სარკმელების ქვედა ნიშნულზე. ჩანს დატენიანების კვალი.  ვფიქრობთ, რომ ორი კერა უნდა უკავშირდებოდეს მკლავთაშორის სივრცეების გადახურვის შეერთების ადგილებს. სხვა კერები  გამოვლენილია ეპისკოპოსის კოშკში, რომელიც თანამედროვე მასალებით გაკეთებული კონსტრუქციაა“, – ამბობს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი.

  • 138379715-1573164676208126-4475493553411984502-n

  • 138324273-1573164682874792-4457873298208133039-n

  • 138521252-1573164742874786-8257292970426670794-n

  • 138601447-1573164906208103-2389512918377159933-n

  • 138992829-1573164736208120-8501093312633536181-n








  • 01
    /




შეკითხვაზე, თუ  როგორია სააგენტოს მონიტორინგის სისტემა, რა პერიოდულობით ამომწმებენ ძეგლების მდგომარეობას, ბექა ბარამიძე პასუხობს:

„საქართველოში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიმრავლე განაპირობებს საკმაოდ შემჭიდროებული ადამიანური რესურსების პირობებში ინსპექტირებას, რაც განსაზღვრავს იმას, რომ ყველა ძეგლზე არ ვართ კონცენტრირებულნი, მონიტორინგის თვალსაზრისით. სწორედ აქედან გამომდინარეა ის, რომ ხარვეზებზე შეტყობინების შემდეგ ვრეაგირებთ“.

მისივე თქმით, მიმდინარე წლიდან ზედამხედველობის მხრივ, ახალი მიმართულება ამოქმედდება, შეიქმნება რეგიონულ დონეზე მონიტორინგისა და ზედამხედველობის ჯგუფები.

„ეს იქნება არქეოლოგიური, სარესტავრაციო და ასევე იურიდიული მიმართულებები, რამდენადაც ეს პროცესი ითვალისწინებს სამართლებრივ შეფასებასა და რეაგირებას. ქვეყნის 9 რეგიონში ასეთი ჯგუფები იმუშავებენ. ფინანსური ანაზღაურებაც შესაბამისი იქნება და მათთვის ავტოსატრანსპორტო საშუალებებიც გამოიყოფა“, – თქვა ბარამიძემ.


ბაგრატის ტაძარი მე-11 საუკუნის ძეგლია. 2009 წლიდან დაიწყო ტაძრის რეკონსტრუქცია, რასაც საზოგადოების პროტესტი მოჰყვა, რადგან მიიჩნევდნენ, რომ რეკონსტრუქციის პროექტი ტაძრის ავთენტურობას არღვევდა. ბაგრატის ტაძარი გელათის სამონასტრო კომპლექსთან ერთად 1994 წლიდან იყო UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში, 2012 წელს კი მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის სხდომაზე ის საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლების სიაში შეიყვანეს. 2017 წელს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტმა ბაგრატის ტაძარი მსოფლიო მემკვიდრეობის სიიდან ამოიღო.