ბაიდენი: აშშ მუშაობს შეთანხმებაზე, რამაც ღაზაში 6-კვირიანი ცეცხლის შეწყვეტა უნდა მოიტანოს

პუბლიკა

აშშ მუშაობს შეთანხმებაზე, რომელიც შედეგად ისრაელსა და ჰამასს შორის ღაზის სექტორში 6-კვირიან ცეცხლის შეწყვეტას მოიტანს. ამის შესახებ პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა იორდანიის მეფესთან შეხვედრაზე განაცხადა.

იორდანიის მეფე აბდულასთან ბაიდენის შეხვედრა მოიცავდა მთელი რიგი პრობლემური საკითხების განხილვას, მათ შორის, ისრაელის თავდასხმებს სამხრეთ ღაზაში და ჰუმანიტარულ საფრთხეს, რომელსაც ეს თავდასხმები პალესტინელ მოქალაქეებს უქმნის.

ბაიდენის აღშფოთება ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს მიმართ იზრდება იმის გამო, რომ ნეთანიაჰუ არ ითვალისწინებს მის მოწოდებებს.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, აშშ მუშაობს თავის მოკავშირეებთან რეგიონში, რათა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მიაღწიოს, ისრაელელი მძევლების გათავისუფლების და ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების ნაკადის გაზრდის მიზნით.

შეთანხმება განაპირობებს ცეცხლის, სულ მცირე, 6 კვირით შეწყვეტას. „ამ დროის გამოყენება შეგვიძლია, რათა შევქმნათ რამე უფრო მტკიცე”, – თქვა ჯო ბაიდენმა.

აშშ-ის პრეზიდენტის ამ განცხადების შემდეგ ცეცხლის შეწყვეტის საჭიროებაზე მეფე აბდულამაც ილაპარაკა.

„ჩვენ არ შეგვიძლია, გვერდით გავდგეთ და ამის ასე გაგრძელების უფლება მივცეთ”, – თქვა იორდანიის მეფემ.

ბაიდენი უფრო და უფრო ხმამაღლა ითხოვს, ისრაელმა არ განახორციელოს თავდასხმები ღაზის სამხრეთით მდებარე ქალაქ რაფაზე, თუ არ ექნება მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის გეგმა.

12 თებერვალს, გამთენიისას ისრაელმა ღაზის სექტორში მდებარე ქალაქ რაფაში იერიში მიიტანა – ადგილობრივი ჯანდაცვის უწყებები აცხადებენ, რომ თავდასხმის დროს 67 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ათობით დაშავდა. პარალელურად, ისრაელმა 2 მძევალი გაათავისუფლა.

7 ოქტომბრის დილას ტერორისტულმა დაჯგუფება „ჰამასმა“ ღაზის სექტორიდან ისრაელზე ფართომასშტაბიანი შეტევა დაიწყო – ისროლა რამდენიმე ათასი რაკეტა და რამდენიმე ადგილას სახმელეთო საზღვარი გაარღვია, მოკლა და/ან გაიტაცა ასობით ადამიანი. თავდასხმა ერთდროულად დაიწყო ხმელეთიდან, ზღვიდან და ჰაერიდან.

„ჰამასის“ პასუხად ისრაელმა „ანტიტერორისტული ოპერაცია” დაიწყო და ტერიტორიების გათავისუფლებასთან ერთად ღაზის სექტორზე სარაკეტო იერიშები მიიტანა. მას შემდეგ ღაზის სექტორის დაბომბვა არ წყდება. დაღუპულ პალესტინელთა რიცხვი 28 ათასს აღემატება.

26 იანვარს გაეროს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ თქვა, რომ „სამხრეთ აფრიკის [სარჩელის ავტორი სამხრეთ აფრიკა იყო] მტკიცებულებები და არგუმენტები ისრაელის წინააღმდეგ ღაზაში პალესტინელთა მიმართ ჩადენილი ქმედებების შესახებ დამაჯერებელია და რომ ისრაელის ზოგიერთი ქმედება ჯდება გენოციდის კონვენციის ფარგლებში.   

გადაწყვეტილების თანახმად, ისრაელმა უნდა მიიღოს ზომები გენოციდის პირდაპირი წაქეზების აღსაკვეთად და დასასჯელად. ისრაელმა უნდა უზრუნველყოს, რომ მისი სამხედროები არ ჩაიდენენ გენოციდს და მიიღონ ზომები ჰუმანიტარული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

ასევე, გადაწყვეტილების თანახმად, ისრაელმა უნდა მიიღოს დაუყოვნებლივი ზომები, რათა გააუმჯობესოს ჰუმანიტარული ვითარება ღაზაში.