ბაიდენი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, გამჭვირვალედ გამოიძიოს ყველა საარჩევნო დარღვევა

პუბლიკა

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს განცხადებით ეხმაურება, რომელსაც თეთრი სახლი ავრცელებს.

ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებს  დამოუკიდებელმა საერთაშორისოდ აღიარებულმა და ადგილობრივმა დამკვირვებლებმა არ უწოდეს თავისუფალი და სამართლიანი.

ის მოუწოდებს საქართველოს მთავრობას გამჭვირვალედ გამოიძიოს ყველა საარჩევნო დარღვევა და დაიწყოს დიალოგი ყველა პოლიტიკურ ძალასთან.

„შეერთებული შტატები დიდი ხანია დგას ქართველი ხალხის გვერდით და მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს.

სწორედ ამიტომ, მე ღრმად შემაშფოთა ქვეყნის ბოლოდროინდემა დემოკრატიულმა უკუსვლამ, მათ შორის კანონმდებლობის ამოქმედებამ, რომელიც არის რუსული და ზღუდავს ფუნდამენტურ თავისუფლებებს და სივრცეს დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის.

სულ ახლახან, 26 ოქტომბრის არჩევნები დააზიანა ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენების არაერთმა შემთხვევამ, ასევე ამომრჩევლის შევიწროებამ და დაშინებამ. საქართველოს მოქალაქეებს აქვთ უფლება მშვიდობიანად გამოხატონ თავიანთი შეხედულებები ამ არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით, რომლებსაც დამოუკიდებელმა საერთაშორისოდ აღიარებულმა და ადგილობრივმა დამკვირვებლებმა არ უწოდეს თავისუფალი და სამართლიანი.

მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, გამჭვირვალედ გამოიძიოს ყველა საარჩევნო დარღვევა, გააუქმოს ის კანონები, როგორიც არის ე.წ. უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონი, რომელიც ზღუდავს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას და დაიწყოს დაუყოვნებლივ, ინკლუზიური დიალოგი საქართველოში ყველა პოლიტიკურ ძალასთან არჩევნების სამართლიანობის აღდგენის საკითხზე.

ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს, მკაცრად სცენ პატივი კანონის უზენაესობას და ფუნდამენტურ თავისუფლებებს, რომლებიც რჩება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის საფუძვლად.”, – ნათქვამია განცხადებაში.


26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. ცესკოს მონაცემებით, „ქართულმა ოცნებამ” ხმების 53.92% მიიღო.

ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების სადამკვირვებლო მისიები, მათ შორის, PACE-ს, ეუთო/ოდირის, NDI-ის, IRI-ის და ENEMO-ს წარმომადგენლები წინასაარჩევნო გარემოსა და კენჭისყრის დღის შეფასების დროს საუბრობენ შემდეგ დარღვევებზე: ამომრჩევლის მოსყიდვა, დაშინება, ზეწოლა, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება.

სადამკვირვებლო მისიები ხაზს უსვამენ ამომრჩევლების აღრიცხვას საარჩევნო უბნებთან და კამერებს საარჩევნო უბნებზე, რაც მოქალაქეებს ხელს უშლიდა, ჰქონოდათ განცდა, რომ ხმის მიცემა ფარულია. NDI-ის სადამკვირვებლო მისიის თანახელმძღვანელმა, პერ ეკლუნდმა განაცხადა, რომ „წინასაარჩევნო პერიოდმა ვერ მოახერხა დემოკრატიული არჩევნების ფუნდამენტური სტანდარტების დაცვა”.

ადგილობრივმა ორგანიზაციებმა ასევე აღრიცხეს ანალოგიური დარღვევები, ამასთან, მიუთითეს მარკირების წესების დარღვევებსა და ერთი ადამიანის მიერ ხმის რამდენჯერმე მიცემის შემთხვევებზე.

4-მა ოპოზიციურმა პარტიამ: „ერთიანობა-ნაციონალურმა მოძრაობამ”, „კოალიციამ ცვლილებისთვის”, „ძლიერი საქართველოს” და „გახარია საქართველოსთვის” განაცხადა, რომ ისინი არ ცნობენ არჩევნების შედეგების ლეგიტიმაციას.