ბაიდენის ადმინისტრაცია თავშესაფრის მაძიებლებისთვის წესებს ამკაცრებს

პუბლიკა

ბაიდენის ადმინისტრაციამ 21 თებერვალს ახალი წესები წარადგინა, რაც აშშ-მექსიკის საზღვარზე სხვა ქვეყნებიდან არალეგალურად ჩასული მიგრანტების მიერ თავშესაფრის მოთხოვნას შეზღუდავს.

როგორც CNN წერს, ახალი, 153-გვერდიანი წესების პაკეტი ბაიდენის პრეზიდენტობის პერიოდში შემუშავებული ყველაზე მკაცრი რეგულაცია იქნება მიგრაციის კუთხით.

ახალი წესები მიზნად ისახავს, რომ აშშ-ში მიგრაციის მსურველებმა პროცესის ლეგალური გზებით წარმართვა სცადონ და თავი აარიდონ ტეფიკინგსა და იმ პირებთან დაკავშირებას, ვინც უკანონოდ გადაყვანაში მოქალაქეებისგან ფინანასურ სარგებელს იღებს.

ამასთან, მკაცრი რეგულაციების მიუხედავად რჩება გამონაკლისებიც, მათ შორის, მშობლების გარეშე მიგრირებულ ბავშვებსა და ძალადობრივი დანაშაულების გარდაუვალი საფრთხის წინაშე მყოფ ადამიანებზე.

„განმარტებისთვის, ეს არ ყოფილა ჩვენი პირველი ან თუნდაც მეორე არჩევანი. ამ დროებით ზომებს საჭიროების გამო ვიღებთ“, – ამბობს ადმინისტრაციის წარმომადგენელი მედიასთან.

ახალი რეგულაციები, სავარაუდოდ, მაისიდან შევა ძალაში და ორი წლის განმავლობაში იმოქმედებს.