„ბახმაროს, როგორც ბუნების ძეგლს, განადგურება ემუქრება!“ | საყდრისის კომიტეტის განცხადება

პუბლიკა

„საყდრისის კომიტეტი კულტურული მემკვიდრეობისთვის“ განცხადებით ეხმაურება გავრცელებულ ინფორმაციას „ორბი ჯგუფის“ მიერ ბახმაროში დაგეგმილი მრავალსართულიანი კომპლექსის მშენებლობასთან დაკავშირებით.

მათი თქმით, კურორტზე პროექტის მშენებლობა ავტომატურად გამოიწვევს მისი იერსახის დამახინჯებასა და ამასთანავე, დიდი ზიანის მომტანი იქნება ეკოლოგიისთვის.

გარდა ამისა, „საყდრისის კომიტეტი“ გარემოს დაცვის სამინისტროსა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს მოუწოდებს, შეჩერდეს დაგეგმილი მშენებლობა, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი პროტესტს აანონსებენ.

განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„გვსურს, გამოვეხმაუროთ კურორტ ბახმაროში „ორბი ჯგუფის“ მიერ მრავალსართულიანი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობას, რაც უკიდურესად დამაზიანებელი იქნება ადგილობრივი ბიომრავალფეროვნებისა და ავთენტური გარემოსთვის.

ჩოხატაურის მერი, დათო შარაშიძე Facebook-ის პირად გვერდზე ავრცელებს ინფორმაციას ბახმაროში ორბი ჯგუფის ახალი პროექტის მშენებლობის შესახებ: „ბახმაროს ახალი სიცოცხლე. მომავლის ბახმარო. ორბი ჯგუფი ბახმაროში მშენებლობას იწყებს” – წერს ჩოხატაურის მერი და პროექტის ფოტოებს აქვეყნებს.

როგორც ცნობილია, ბახმაროში „ორბი ჯგუფმა“ მრავალფუნქციურ კომპლექსში აპარტამენტების გაყიდვა უკვე დაიწყო.

აღმაშფოთებელია ხელისუფლების მიერ მშენებლობაზე ნებართვის გაცემა, რადგან ეს ავტომატურად ნიშნავს თანხმობას ამ უნიკალური ბუნების ძეგლის იერსახის დამახინჯებასა და ეკოლოგიის განადგურებაზე. მსგავს ეკოლოგიურ კურორტებზე ამ მასშტაბის მშენებლობები დაუშვებელია.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან ბოლო ათი წლის განმავლობაში არ გადადგმულა მნიშვნელოვანი ნაბიჯები ბახმაროს, როგორც კურორტის ინფრასტრუქტურის განვითარებისა და პოპულარიზაციის კუთხით.

ბახმაროზე ყოველთვის ზრუნავდა ადგილობრივი მოსახლეობა და კურორტზე უზომოდ შეყვარებული ტურისტები.

იმ შემთხვევაში, თუ დაგეგმილი მშენებლობა არ შეჩერდება, „საყდრისის კომიტეტი კულტურული მემკვიდრეობისთვის“ წევრები დაუყოვნებლივ გააპროტესტებენ ამ ფაქტს ადგილზე. გარდა ამისა, მოვუწოდებთ ეკოლოგიისა და კულტურის საკითხებზე მომუშავე ყველა ორგანიზაციას და აქტივისტს, გამოხატონ საკუთარი პოზიცია აღნიშნულთან დაკავშირებით. აუცილებელია, დროულად დაისახოს სამოქმედო გეგმა, რათა გადავარჩინოთ ეს უნიკალური კურორტი და მისი მდიდარი ბიომრავალფეროვნება.

მოვუწოდებთ გარემოს დაცვის სამინისტროს და დაცული ტერიტორიების სააგენტოს, მეტი ყურადღება გამოიჩინონ ამ ფაქტის მიმართ და შეაჩერონ ბიზნეს აქტივობა, რომელიც უნიკალური ბუნების ძეგლის განადგურებას გეგმავს!“, – ნათქვამია განცხადებაში.