ბალახაძეების ოჯახის გამოსახლება გადაიდო - აღსრულების ბიურო

პუბლიკა

ზანდუკელის ქუჩაზე ბალახაძეების ოჯახის გამოსახლება გადაიდო. ამის შესახებ „პუბლიკას“ აღსრულების ეროვნულ ბიუროში განუცხადეს. უწყების განმარტებით, მხარეებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს და მათ შეთანხმებისთვის რამდენიმე თვე მიეცათ. შეუთანხმებლობის შემთხვევაში კი, გამოსახლება კვლავ ჩაინიშნება.

გუჯა ბალახაძის თქმით, მოლაპარაკების მიმდინარეობაზე ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და „რიკო კრედიტთან” შეთანხმების მიღწევას უიმედოდ უყურებს. მისივე თქმით, უწყებას გამოსახლების გადადებაზე მისთვის არაფერი უცნობებია.

„არანაირი მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს. ეს სიმართლეს არ შეესაბამება. მე მზად ვარ, ჩემი პირობა შევასრულო. გადავიხდი საკრედიტო კომპანიის ვალს და ჯარიმის თანხას. ვალი მაქვს 20 000$ და ჯარიმა 12 000$. ამათთან მოლაპარაკებების მიღწევის შანსი არ ჩანს. მათი მიზანი ბინის დაუფლებაა“. – განუცხადა „პუბლიკას“ გუჯა ბალახაძემ.

ამ წუთებში ზანდუკელის ქუჩაზე გუჯა ბალახაძის ოჯახის მხარდასაჭერად აქცია იმართება.