ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენზე ექსპორტი გაიზრდება, დავტვირთავთ ბაქო-სუფსასაც - ალიევი

პუბლიკა

ილჰამ ალიევის თქმით, აზერბაიჯანი მომდევნო წლებში ნავთობისა და ბუნებრივი აირის ექსპორტის ზრდას გეგმავს და ამ მიმართულებით გაღრმავდება თანამშრომლობა საქართველოსთანაც. ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ირაკლი ღარიბაშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ ისაუბრა.

„მოუთმენლად ველოდებით ახალი პროექტების დაწყებას, რათა გაიზარდოს ბუნებრივი აირის ექსპორტი საერთაშორისო ბაზრებზე.

ჩვენ ვაპირებთ 22 მილიონი კუბური მეტრის ექსპორტს და უფრო გავზრდით მომდევნო წლებში. წელს ხელი მოვაწერეთ ურთიერთგაგების მემორანდუმს აზერბაიჯანსა და ევროკომისიას შორის და მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში აზერბაიჯანი აპირებს, გააორმაგოს ბუნებრივი აირის ექსპორტი ევროპის მიმართულებით.

ჩვენ გვაქვს ამის საშუალება და ვაპირებთ, 2027 წლისთვის ევროპაში ექსპორტზე გავიტანოთ თითქმის 20 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი.

ეს, ბუნებრივია, განვიხილეთ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან. იქნება ახალი საკითხებიც განსახილველი. ამასობაში ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენი გაზრდის ექსპორტს, ამ მილსადენით გაიზრდება ექსპორტი და კიდევ უფრო დაიტვირთება მილსადენი. გვინდა, გამოვიყენოთ ბაქო-სუფსის ტერმინალიც, ვიცი, რომ ის ახლა არ არის ქმედით მდგომარეობაში, მაგრამ გვინდა, დავტვირთოთ ეს არხიც“, – განაცხადა ილჰამ ალიევმა.

ასევე, ილჰამ ალიევის თქმით, აზერბაიჯანი გეგმავს ელექტროენერგიის მსოფლიო ბაზარზე გატანას, რაშიც ასევე ჩაერთვება საქართველო. ასევე ალიევის თქმით, აზერბაიჯანი გეგმავს, რომ მეტად დატვირთოს ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზაც.

„რა თქმა უნდა, ჩვენი მარშრუტი აუცილებლად გაივლის საქართველოს. 10 გეგავატი არის ჩვენი შესაძლებლობა განახლებადი ენერგიის კუთხით და კასპიის ზღვის გავლით გვაქვს საშუალება 157 გეგავატი გავიტანოთ ექსპორტზე. ეს არის საერთაშორისო გათვლებით და პროგნოზებით დადგენილი მაჩვენებელი. ეს იქნება ახალი სამიზნე ორიენტირი, იმისთვის, რომ ელექტროენერგია გავიტანოთ ექსპორტზე და როგორც სხვა მიმართულებით, მიგვაჩნია, რომ ამ მიმართულებითაც საქართველო და აზერბაიჯანი წარმატებით ითანამშრომლებენ.

საერთო ჯამში, გაიზრდება ჩვენი თანამშრომლობის პოტენციალი, ენერგოდერეფნების პოტენციალი, კეთილდღეობა. ხაზი უნდა გავუსვა იმ ფაქტსაც, რომ 75%-ით გაიზარდა ტვირთბრუნვა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის. რკინიგზა – ბაქო-თბილისი-ყარსი შეიძლება გამოვიყენოთ იმისთვის, რომ 5 მილიონი ტონით დაიტვირთოს. მომდევნო წელს კიდევ უფრო მეტ კაპიტალდაბანდებას მოვახდენთ ამ მიმართულებით და კიდევ უფრო მეტი ფინანსური რესურსი გამოიყოფა.

ჩვენ ვაპირებთ ამ მარშრუტის გამოყენებას, რომ კასპიის ზღვის, აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით ევროპისკენ გავიტანოთ ტვირთი და ახალი მარშრუტები დავამუშაოთ“, – განაცხადა ალიევმა.

მისი თქმით, იზრდება პოტენციალი, რომ მეტად დაიტვირთოს საქართველოს პორტებიც და იზრდება ვაჭრობა ორ ქვეყანას შორის. ალიევის თქმით, აზერბაიჯანმა უკვე 3 მილიარდის ოდენობის ინვესტიცია ჩადო საქართველოში.

LB loan image desktop LB loan image mobile