ბაქრაძე: ცხადია, გამათავისუფლებდნენ, მაგრამ სასიამოვნო იქნებოდა, ეს მედიიდან არ გამეგო

პუბლიკა

„სამსახურიდან გაგდებას მე უკვე დიდი ხანია, მოველი. შეიძლება ითქვას, უკვე რამდენიმე წელიც არის, იმიტომ, რომ ძალიან ხშირად ვმონაწილეობდი სხვადასხვა პროტესტში და მას შემდეგ, რაც პოლიტიკაში წამოვედი, ჩემთვის ცხადზე ცხადი იყო, რომ ლიტერატურის ინსტიტუტის დირექტორის თანამდებობაზე ჩემი ყოფნა დიდხანს არ გაგრძელდებოდა”, – ასე გამოეხმაურა ლაშა ბაქრაძე ცნობას ლიტერატურის მუზეუმის დირექტორის თანამდებობიდან მის გათავისუფლებაზე.

„ჩემთვის ლიტერატურის მუზეუმი არის ძალიან ძვირფასი, ძალიან მიყვარს, ჩემს თანამშრომლებთან მუშაობა ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს წლები, რაც გავატარე ლიტერატურის მუზეუმში. 14 წელია, იქ ვმუშაობ და ისედაც, გულახდილად რომ ვთქვა, მე არ ვარ მომხრე, ადამიანები მთელი ცხოვრება ერთ ადგილას მუშაობდნენ, მიუხედავად ჩემი ძალიან დიდი სიყვარულისა ამ მუზეუმის მიმართ. ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრი მაქვს გაკეთებული, თუნდაც ამ მუზეუმის ცნობადობის ამაღლების კუთხით, იმაზე არაფერს ვამბობ, რომ ასობით გამოფენა გვაქვს გაკეთებული, გამოცემული გვაქვს მრავალი წიგნი და ვფიქრობ, ჩემი იქ მუშაობა იყო ასევე მნიშვნელოვანი საზოგადოებისთვისაც.

ცხადია, რომ გამათავისუფლებდნენ, მაგრამ სასიამოვნო იქნებოდა, სულ ცოტა, ის მაინც, რომ ეს ინფორმაცია არა მედიიდან გამეგო, ან კულტურის სამინისტროს საიტზე დადებული მენახა, არამედ სამინისტროდან ვინმე შემხმიანებოდა, მაგრამ ამას უკვე, მე ვფიქრობ, ახლა მნიშვნელობა არა აქვს”, – განაცხადა ლაშა ბაქრაძემ.


კულტურის სამინისტროს განცხადებით, „ფაქტებისა და გარემოებების შესწავლითა და ინფორმაციის ანალიზით დასტურდება, რომ ლაშა ბაქრაძემ ჩაიდინა დისციპლინური გადაცდომა, რაც გულისხმობს ზნეობრივ-ეთიკური ნორმების, ქცევის ზოგადი წესების უგულებელყოფას ან დარღვევას, არაეთიკურ საქციელს ან სხვა ქმედებას, რომელსაც შედეგად მოჰყვა დაწესებულების დისკრედიტაცია, მიუხედავად იმისა სამსახურშია იგი ჩადენილი თუ მის გარეთ. დასკვნის საფუძველზე, ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი ლაშა ბაქრაძე დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა.

დასკვნის თანახმად, ცალსახაა, რომ ლაშა ბაქრაძის 3 სექტემბრის განცხადება ზიანს აყენებს მისი, როგორც ქართული ლიტერატურის მუზეუმის დირექტორის რეპუტაციას და ლახავს იმ მუზეუმის ავტორიტეტს, რომელიც გიორგი ლეონიძის სახელს ატარებს და მისიად ქართული კულტურის ინტერესების დაცვა აქვს განსაზღვრული”.


3 სექტემბერს ბაქრაძემ პარტიის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის დროს, მათი გაერთიანების ქალ პოლიტიკოსებზე ისაუბრა და თქვა, რომ არჩევანის გაკეთება დღეს ძალიან მარტივია – ამ კონტექსტში მან ახსენა მმართველი პარტიის წარმომადგენლების „ნახმარი სახეები”.

როგორც მოგვიანებით ბაქრაძემ განმარტა, „ნახმარ სახეებზე” განცხადება „ქართული ოცნების” ქალ პოლიტიკოსებს არ მიემართებოდა. მისი თქმით, ის საუბრობდა „ქართული ოცნების” წარმომადგენლების სახეებზე, რომელთა ყურებაც საზოგადოებას მობეზრებული აქვს.