ბარამიძე: ენმ-დან მელიას გარიცხვის წინააღმდეგი ვიყავი და ვარ 

პუბლიკა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური მდივანი, გიორგი ბარამიძე აცხადებს, რომ პარტიიდან ნიკა მელიას გარიცხვის წინააღმდეგი იყო და არის.

მან ენმ-ის თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის გუშინდელ განცხადებას უპასუხა, რომლის თანახმადაც, მელია „აღარ წარმოადგენს პარტიას, აღარაა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ვერ ილაპარაკებს „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით”.

ბარამიძე წერს:

„კატეგორიულად არ მომწონს და წინააღმდეგი ვარ ნიკა მელიას მიერ პარტიის ლანძღვის კამპანიისა, მაგრამ, მე ენმ-დან მელიას გარიცხვის წინააღმდეგი ვიყავი და ვარ.

ენმ-ის წესდებით, პარტიის თავმჯდომარეს წევრის გარიცხვის უფლებამოსილება აქვს. თუმცა, მე არ ვიზიარებ ასეთი ნაბიჯის პოლიტიკურ მიზანშეწონილობას. […]

თუ ამ საკითხში პარტიის თავმჯდომარესთან ჩემი შეუთანხმებლობა ჩემს პოლიტიკურ მდივნობასთან შეუთავსებლად ჩაითვლება, მზად ვარ ,თავმჯდომარესა და გენერალურ მდივანს ჩემი ამ თანამდებობიდან წასვლაზე მივმართო. ცხადია, წესდებით ამის გადაწყვეტაც მათი უფლებამოსილებაა. თუ ისინი ამ გადაწყვეტილებას მიიღებენ, მე მას მშვიდად მივიღებ. მეტიც, თუ საჭირო გახდა პოლიტიკურ საბჭოსაც დავტოვებ და ვიქნები ენმ-ის რიგითი წევრი და სანამ ენმ-ს ლიდერი მიშა იქნება, მე ვიქნები მიშას გვერდით, მიშას გუნდში”. წერს გიორგი ბარამიძე ფეისბუქზე.

26 ნოემბერს, „ფორმულას“ ეთერში ლევან ხაბეიშვილს ჰკითხეს, მან გაუშვა თუ არა ნიკა მელია პარტიიდან 23 ნოემბრის შემდეგ, როდესაც ვარდების რევოლუციის 20 წლის იუბილეზე არ მივიდა და მანიფესტს ხელი არ მოაწერა.

,,მე არ გამიშვია, მე არ გამიგდია, ეს გადაწყვიტა მან, რომ აღარ არის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი”. – თქვა მან. 

ლევან ხაბეიშვილმა ჟურნალისტის მიერ ფურცელზე დაწერილ კითხვას იმავე ფურცელზე მინაწერით უპასუხა: „არ არის, არ წარმოადგენს“ და თავისი ხელმოწერა დაურთო.

ხაბეიშვილისვე განცხადებით, ნიკა მელიას პარტიაში ისევ მიიღებენ, „თუ [მელია] გადაწყვეტს ბიძინა ივანიშვილთან ბრძოლას”. 

გარდა ამისა, მისი თქმით, ყველა გადაწყვეტილება შეთანხმებულია მიხეილ სააკაშვილთან. მისი თქმით, ექსპრეზიდენტის რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებული პოსტი, სადაც ის პოლიტსაბჭოდან „გარიყულ“ ადამიანებს დაბრუნებისკენ მოუწოდებდა, სწორედ მელიას მიემართებოდა.

23 ნოემბერს ენმ-მ ვარდების რევოლუციის 20 წლის იუბილე აღნიშნა და ხელი მოაწერა 11 პუნქტისგან მანიფესტს, რომელიც, „ასახავს პარტიის პრინციპებს, პოლიტიკურ ხედვასა და იდეოლოგიას“. ღონისძიებას არ დასწრებია ნიკა მელია. მას არც მანიფესტზე მოუწერია ხელი.

ენმ-ს წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა თქვა, რომ ის ადამიანები, რომლებიც ღონისძიებაზე არ მივიდნენ და მანიფესტს ხელი არ მოაწერეს „თავს პარტიის მიღმა ტოვებენ“.