დაისვა საკითხი პარტიის თავმჯდომარის არჩევასთან დაკავშირებით და გუშინ ეს პროცესი ფორმალურად იმით დაიწყო, რომ შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელმაც უნდა მოამზადოს წესი, რომლითაც „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე უნდა აირჩეს,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ბარამიძემ განაცხადა.
სამუშაო ჯგუფი 7 წევრისგან შედგება და გიორგი ბარამიძე მოდერატორის ფუნქციას შეითავსებს. სამუშაო ჯგუფის წევრები ასევე არიან: გიორგი ბოტკოველი, თორნიკე ბიკაშვილი, ნინო კვიტაიშვილი, ბაჩო დოლიძე, ლევან ბეჟაშვილი, ივანე პეტრიაშვილი.
„ამ ჯგუფს ექნება საკმაოდ რთული სამუშაო იმისთვის, რომ შეიქმნას ისეთი წესი, რომელიც მრავალ საკითხს და კრიტერიუმს დააკმაყოფილებს. მათ შორის ეს კრიტერიუმია, რომ არჩევნები, ხმის მიცემის პროცედურა იყოს სამართლიანი, გამჭვირვალე და ყველასათვის გასაგები, რომ ამ არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს არა ვიღაც სხვამ, მითუმეტეს, ამ „ქოცური“ რეჟიმის ან სხვა დაინტერესებული პარტიების წარმომადგენელმა, არამედ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა და მხარდამჭერებმა.
ასევე არის ძალიან დიდი სურვილი, რომ ამ პროცესში მონაწილეობა მიიღოს ჩვენმა ემიგრაციამ, სადაც ასევე ძალიან ბევრია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრიც და მხარდამჭერიც. ეს ყველაფერი ისე უნდა მოხდეს, რომ არავის ეჭვი არ შეეპაროს ამ პროცესის სამართლიანობაში. შედეგი რაც დადგება, უნდა იყოს ობიექტური. ამისთვის ჩამოყალიბდა იმ ადამიანებისგან დაკომპლექტებული ჯგუფი…”, – განაცხადა მან.