ვისაც, სადაც და როცა გნებავთ, მზად ვარ არჩევნებისთვის - ნიკა მელია

პუბლიკა

პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია მისი თანაპარტიელების მიერ დღეს გამართულ ბრიფინგს გამოეხმაურა, რომლებმაც „ნაციონალურ მოძრაობაში“ შიდაპარტიული არჩევნები მოითხოვეს.

ნიკა მელიას თქმით, დღეს გამართულ იმ ბრიფინგზე მისთვის ახალი არაფერი არ იყო ნათქვამი, გარდა განცხადების ფორმისა, რომელიც მისი თქმით, ნაჩქარევი იყო. მელიას თქმით, სხვადასხვა საკითხზე პარტიაში მსჯელობა დიდი ხანია მიმდინარეობს და საზოგადოების ინფორმირება მხოლოდ ერთიან პოზიციაზე შეჯერების შემდეგ უნდა მომხდარიყო.

თუმცა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ამბობს, რომ ნებისმიერ დროს არჩევნებში მონაწილეობაზე თანახმაა.

„პარტიაში ყოველდღიური, ინტენსიური პარტიული მსჯელობა მიმდინარეობდა და მიმდინარეობს მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით ერთიანი კონსოლიდირებული პარტიული პოზიციების ჩამოსაყალიბებლად. მხოლოდ ამის შემდეგ უნდა მომხდარიყო საზოგადოების ინფორმირება და განსაკუთრებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩევლებისა.

თუ რა გახდა რეალური მიზეზი და მიზანი ამ საკითხის ასე ნაჩქარევად, ამ ფორმით, ასე მოუმზადებლად გამოტანისა, ამას უახლოესი პერიოდი აუცილებლად მოჰფენს ნათელს. განსაკუთრებით დღეს, როცა ჩვენ ძალიან ბევრი უნდა გვესაუბრა ევროპარლამენტის მიერ გაკეთებული განცხადებების თაობაზე, ვგულისხმობ ნიკა გვარამიას და მიხეილ სააკაშვილს.

ზემოაღნიშნულ კონსულტაციებში, რომელიც ვახსენე, თვენახევრის წინ მე პირადდ გამოვედი პარტიაში ახალი არჩევნების ჩატარების თაობაზე ინიციატივით, მათ შორის იმ ადამიანების თანდასწრებით, რომლებიც დილიდან საუბრობენ არჩევნების ჩატარების აუცილებლობაზე იმ ფორმით, რა ფორმითაც ისინი საუბრობენ.

თანხმობა არჩევნების ჩატარების თაობაზე იყო ყველა ჯგუფის მხრიდან. ერთადერთი მსჯელობის საგანი რჩებოდა, პირველ რიგში, როდის და როგორ, ანუ რა ფორმით უნდა ჩატარდეს ეს არჩევნები. თუ ჩემთვის არის რაიმე კომფორტული, ეს არის არჩევნები, არჩევნებში მონაწილეობის მიღება, იქნება ეს გარე, თუ შიდა ტიპის არჩევნები. განსაკუთრებთ, როდესაც ის არის უზრუნველყოფილი ათი ათასობით ამომრჩევლის თანამონაწილეობით.

არჩევნები, სადაც შენ შესაძლებლობა გეძლევა, ესაუბრო საკუთარ ამომრჩეველს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ძალიან ბევრი საკითხი დაგროვდა, რაზეც მათთან მსურს საუბარი…

ყველამ იცოდეს, არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად მზად ვარ და ვიქნები მით უფრო, როცა ძალიან ბევრი სიმართლის თაობაზე მაქვს სასაუბრო საკუთარი პარტიის ამომრჩეველთან. ოღონდ ეს უნდა მოხდეს მხოლოდ არჩევნების ფორმატში.

პატივისცემით, ვისაც გნებავთ, სადაც გნებავთ და როცა გნებავთ, მზად ვარ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად და განსაკუთრებით ეს იციან ჩემმა იმ კოლეგებმა, რომლებიც ამ პროცესში უკანასკნელი თვენახევრის განმავლობაში პირადად იღებდნენ მონაწილეობას და მათ გარდა, სულ მცირე 500-600 ადამიანთან მაქვს ამ ყველაფერზე ნასაუბრები.

დეტალების თაობაზე, როგორ და რა ფორმით უნდა ჩატარდეს ეს არჩევნები, პარტია იმსჯელებს, მათ შორის იმ ადამიანების თანამონაწილეობით, ვინც დღეს, ჩემი ღრმა რწმენით, გააკეთეს ძალიან ნაჩქარევი განცხადება, რომელსაც, როგორც ჩანს, შორს მიმავალი მიზნები აქვს, რასაც ჩვენ უახლოეს მომავალში აუცილებლად ვიხილავთ.

მაგრამ პირველ რიგში, მე მსურს, რაც შეიძლება სწრაფად, ოღონდ ეს უნდა იყოს ორგანიზებული, „ნაციონალური მოძრაობის“ მრავალი ათასი და ათიათასობით ამომრჩევლით უზრუნველყოფილი პროცესი, სადაც გვეყოლება კონკურენტი და იმედია, უახლოეს პერიოდში გამოჩნდება ადამიანი, ვინც ამის მოსურნე არის, მხოლოდ მივესალმები.

ჩვენ ვისაუბრებთ სიმართლეზე და მხოლოდ სიმართლეზე, პირველ რიგში „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩევლების პირისპირ, მათ მიეცემათ გააზრებული არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა, რომელიც ხელს შეუწყობს პარტიის და ქვეყნის განვითარებას“, – განაცხადა ნიკა მელიამ.


დღეს ბრიფინგზე ენმ-ის წევრმა, ირაკლი ნადირაძემ განაცხადა, რომ დღეს „ნაციონალური მოძრაობა“ ძლიერი და ქმედითი უნდა იყოს, რადგან სააკაშვილის გათავისუფლებისა და ივანიშვილის დამარცხების ინსტრუმენტი ძლიერი ოპოზიციაა.

ნადირაძე ამბობს, რომ ბრიფინგზე გვერდით უდგანან ენმ-ის რეგიონულ ხელმძღვანელები და მათ მიაჩნიათ, რომ პარტიის გასაძლიერებლად საჭიროა შიდაპარტიული დემოკრატია და შიდაპარტიული არჩევნები ყველა დონეზე.

„ჩვენ ვითხოვთ, ჩატარდეს ყველა დონის არჩევნები. აირჩეს ახლიდან პოლიტიკური სამდივნო, პოლიტსაბჭო და, რაც ყველაზე მთავარია, ჩატარდეს თავმჯდომარის ახალი არჩევნები, რადგან ვფიქრობთ, ენმ-ის თავმჯდომარეს უნდა ჰქონდეს ასობით ათასი ამომრჩევლის ლეგიტიმაცია, რათა ახალი ენერგიით, გეგმით, ბრძოლისუნარიანობით ვიბრძოლოთ. ვიცი, ჩემი ასობით კოლეგის აზრი და საჭიროა, ამ ადამიანებმა ეს აზრი დააფიქსირონ ღიად“, – განაცხადა ნადირაძემ.

LB loan image desktop LB loan image mobile