ბარკალაია სოცაგენტებზე: გავაგრძელებთ კომუნიკაციას თანამშრომლებთან, რათა მივაღწიოთ კონსენსუსს

პუბლიკა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაია სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლების გაფიცვაზე საუბრისას აღნიშნავს, რომ მათთვის შეთავაზებული ანაზღაურება სხვა სსიპ-ებთან შედარებით ადეკვატურია. მისივე თქმით, გაფიცულ თანამშრომლებთან კომუნიკაცია გაგრძელდება.

„გამოსავალი ამ შემთხვევაში არის ის, რომ ჩვენ გავაგრძელებთ კომუნიკაციას ჩვენს თანამშრომლებთან იმისათვის, რომ მივაღწიოთ რაღაცა ტიპის კონსენსუსს. ჩვენი თვითმიზანი ნამდვილად არ არის დაპირისპირების რეჟიმში ჩვენივე თანამშრომლებთან ყოფნა. ჩვენი თვითმიზანი და საერთო თვითმიზანი უნდა გახდეს ის, რომ მოქალაქეებს სერვისები არ შეუწყდეთ“, – განაცხადა ბარკალაიამ.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, არის თუ არა შესაძლებელი, რომ 100%-ით გაეზარდოთ სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებს ანაზღაურება, მინისტრის მოადგილე პასუხობს:

„ეს არის სააგენტოს გაძლიერება-განვითარების პირველი ეტაპი, ამის შემდგომი ეტაპები არის როგორც ფინანსური, ისე რესურსული გაძლიერება და ასევე მეთოდოლოგიური გაძლიერება სააგენტოსი, რომელსაც საკმაოდ დიდი დანაკლისი აქვს მეთოდოლოგიასა და ადამიანის კაპიტალის განვითარებაში“, – განაცხადა ბარკალაიამ და დასძინა – „ამ ეტაპზე ის ანაზღაურება, რომელიც არის შეთავაზებული, ვფიქრობთ, რომ არის ადეკვატური სხვა სსიპ-ებთან შედარებით“.


„აღარ შევეგუებით 2007 წლის ხელფასებს 2022 წელს!“, „ვითხოვთ ღირსეულ ხელფასს“, – ამ მოწოდებებით ჯანდაცვის სამინისტროსთან სოციალური სააგენტოს გაფიცული თანამშრომლები საპროტესტო აქციას მართავენ. დღეს, 17 იანვარს გაფიცვის პირველი დღეა. პროფკავშირის ცნობით, გაფიცულია 390-მდე თანამშრომელი.

16 იანვარს სოციალური მომსახურების სააგენტომ განაცხადა, რომ სოციალური აგენტის ფიქსირებული ანაზღაურება 250 ლარის ნაცვლად 400 ლარი გახდება, უფროსი სოციალური აგენტის კი – 550 ლარის ნაცვლად  700 ლარი. ასევე, ოჯახებში შესრულებული ვიზიტების ფარგლებში, ერთ შევსებულ დეკლარაციაზე სოციალური აგენტები 6 ლარის ნაცვლად 10 ლარს მიიღებენ.