„ბარში მიჰყავდათ ტურისტები და შეუსაბამო თანხებს ახდევინებდნენ“ - შსს-მ 8 პირი დააკავა

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ თაღლითობის ბრალდებით 8 პირი დააკავეს.

გამოძიების ვერსიით, ღამის კლუბის მფლობელებს ტაქსის მძღოლებთან შეთანხმებით ერთ-ერთ კლუბში მიჰყავდათ ტურისტები, სადაც მათ შეუსაბამო თანხას ახდევინებდნენ.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთი ღამის კლუბის მფლობელებს – რ.მ.-ს და გ.ც.-ს ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით, ტაქსის მძღოლებთან – ზ.დ., ა.დ. და მ.დ.-სთან შეთანხმებით, კონკრეტულ ბარში მიჰყავდათ ტურისტები, რომლებსაც აღნიშნულ ბარში დასაქმებული პერსონალის: დ.ბ.-ს., დ.ა.-ს და გ.კ-ს დახმარებით, თაღლითური გზით, მომსახურებასთან და შეკვეთილ პროდუქციასთან შეუსაბამო თანხას ახდევინებდნენ.

ასევე, დაზარალებულებზე ახორციელებდნენ ფსიქოლოგიურ ზეწოლასა და მუქარას. პოლიციამ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირები, მოსამართლის განჩინების საფუძველზე თბილისში დააკავა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს დანაშაული 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – ნათქვამია განცხადებაში.