ბაში-იანეთის მაჟორიტარობის ჩვენი კანდიდატი 8 საათი უკანონოდ დააკავეს „ოცნების“ ოფისში - ვაშაძე

პუბლიკა

პარტია „მესამე ძალა – სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, გუშინ ბაში-იანეთში მათი პარტიიდან მაჟორიტარობის კანდიდატი, ნიკა საკანდელიძე უკანონოდ გაიტაცეს რამდენიმე საათის განმავლობაში და მუქარის, ზეწოლის შედეგად აიძულეს, რომ კანდიდატურა მოეხსნა.

როგორც ვაშაძემ ბრიფინგზე განაცხადა, აღნიშნულ დანაშაულში სავარაუდოდ ჩართული იყვნენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები.

ის მომხდართან დაკავშირებით პასუხისმგებელი პირების იდენტიფიცირებას და მათ დასჯას მოითხოვს.

„გუშინ, 8 საათის მანძილზე უკანონოდ იყო დაკავებული ნიკა საკანდელიძე, სამტრედიის რაიონის ბაში-იანეთის ჩვენი მაჟორიტარობის კანდიდატი. მთელი ამ ხნის მანძილზე მასზე მიმდინარეობდა ზეწოლა, რომ მას დაეწერა განცხადება და მაჟორიტარული ოლქიდან კანდიდატურა მოეხსნა. ის არის 4 შვილის მამა და მას საკუთრი შვილებით ემუქრებოდნენ, ეუბნებოდნენ, შენი შვილები აქ თამაშობენ სტადიონზე და ა. შ.

კონკრეტული მუქარა განხორციელდა არა მხოლოდ მასზე, არამედ მის შვილებზეც. საბოლოოდ, მას აიძულეს ამ რამდენიმე საათის ზეწოლის შემდეგ დაეწერა განცხადება. ეს განცხადება დაიწერა სამტრედიაში, „ქართული ოცნების“ შტაბში, შემდგომ ეს განცხადება, როგორც საკანელიძეს უთხრეს, გადაეცა საოლქო-საარჩევნო კომისიის მდივანს“, – ამბობს ვაშაძე.

როგორც მან ბრიფინგზე აღნიშნა, საკანდელიძის მიერ კანდიდატურის მოხსნის შესახებ პარტიის წევრებმა ტელეკომპანია „იმედის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან გახდა ცნობილი. 

„ჩვენთვის სრულიად მოულოდნელად, ტელეკომპანია „იმედის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან გახდა ცნობილი, რომ მან კანდიდატურა მოხსნა. ამის შემდეგ კიდევ რამდენიმე საათი ვეძებდით მას და ბოლოს, დაახლოებით 5-6 საათზე ვიპოვეთ ეს ადამიანი.

მან სრულად აღწერა ის ინფორმაცია, რაც მოხდა. ეს არის ენით აღუწერელი დანაშაული, რომელსაც ჩადის “ქართული ოცნება”, კრიმინალები და საარჩევნო ადმინისტრაცია სამტრედიაში. დაუყოვნებლივ მოვითხოვთ ამ განცხადების გაუქმებას“, – განაცხადა ვაშაძემ.

გიორგი ვაშაძის თქმით, საკანდელიძე მზად არის ყველა ის პირი ამოიცნოს, ვინც მის მიმართ სავარაუდო ზეწოლა განახორციელა.

„ჩვენ ამ ინფორმაციას მივაწვდით საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, დაუყოვნებლივ მოვითხოვთ ყველა იმ კრიმინალის დაკავებას, ვინც ჩართული იყო ამ პროცესში. დაუყოვნებლივ მოვითხოვთ დაკავებას „ქართული ოცნების“ შტაბის იმ წევრების რომლებიც ჩართული იყვნენ ამ დანაშაულებრივ სქემაში.

საოლქო-საარჩევნო კომისიიდან დაუყოვნებლივ მოვითხოვთ იმ ადამიანების გათავისუფლებას, ვინც „შეხმატკბილებულად“ მოქმედებდა ამ საკითხთან დაკავშირებით, ასევე მივმართავთ სახალხო დამცველს და ყველა ინსტიტუციას იმისთვის, რომ დაცული იყოს ნიკას უფლებები.

ის იყო ფაქტობრივად გატაცებული და შემდგომ უკანონოდ დაკავებული „ქართული ოცნების“ ოფისში, სამტრედიის რაიონში. აი, ეს არის ის მძიმე რეალობა, რაც იყო. სისხლის სამართლის დანაშაულია ადამიანის გატაცება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა, იძულება, რომ მას განცხადება დაეწერა. ეს ყველაფერი ხდება სამტრედიაში, ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბში“, – განაცხადა ვაშაძემ.

„პუბლიკა“ მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.