„ბასილაშვილი დაბადებამდე მყავს ნანახი, მუცლად ყოფნის პერიოდში“ - კახაძე

პუბლიკა

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის შესახებ დეპუტატმა ლადო კახაძემაც ისაუბრა.

„ნიკოლოზ ბასილაშვილი დაბადებამდე მყავს ნანახი, მუცლად ყოფნის პერიოდში. ნამდვილად არ ვიცოდი, რომ ასეთი დიდი გამაერთიანებელი ენერგიის წყარო გახდებოდა. ვულოცავ მას ამ გამარჯვებას, მის მშობლებს პირველ რიგში, ყველა მის გულშემატკივარს.

ახლა მოწინააღმდეგე ბანაკს ვეტყვი. მე ვიცი ხასიათი იმ კაცის, ყოველი თქვენი გარედან გესლი და წინააღმდეგობა  გარდაიქმნება ნიკოლოზ ბასილაშვილში იმ პოტენციალად, რომ ერთი დარტყმით მოუგებს მოწინაარმდეგეს. რაც მეტს დაუპირისპირდებით, მით მეტ წარმატებას შექმნის.

არის ასეთი ორგანო, ღვიძლი, ადამიანის ორგანიზმში, რომელიც ყველა შხამს გადახარშავს და ისევ თავისი ორგანიზმის სასიკეთო ენერგიად აქცევს. დიახ, ასეთი ენერგიის მფლობელია ეს კაცი“, – განაცხადა კახაძემ.


ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ყოფილ ცოლზე ფიზიკურ ძალადობაშია ბრალდებული. პროკურატურის მტკიცებით, 21 მაისს თბილისში ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ყოფილი მეუღლის მიმართ ფიზიკურად იძალადა. სამართალდამცველებმა ბასილაშვილი 2020 წლის 22 მაისს დააკავეს.

საქართველოს 1 და მსოფლიოს 27-ე ჩოგანს ნიკოლოზ ბასილაშვილს 2020 წლის მაისში საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად 100 000-ლარიანი გირაო დააკისრა. პროკურატურამ მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც ითვალისწინებს ოჯახურ ძალადობას, არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ.