ძალადობაში ბრალდებულ ბასილაშვილს გამარჯვება ხაბარელმაც მიულოცა

პუბლიკა

პარალმენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, შოთა ხაბარელმა ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილს დოჰას ATP 250 კატეგორიის ტურნირის გამარჯვება მიულოცა.

„ბასილაშვილი მართლა გმირი სპორტსმენია. იცით, რომ მან ლეგენდარეული სპორტსმენი დაამარცხა. ეს იყო მართლაც უდიდესი წარმატება და არცერთ მოწინააღმდეგეს არ დაუტოვა შანსი და გახდა ჩემპიონი. 40 მილიონზე მეტი ადამიანი აკვირდებოდა ამ შეჯიბრს. ჩვენი ქვეყანა წარმოაჩინა ამ ბრწყინვალე ადამიანმა. გავითავისოთ თითოეულმა ჩვენგანმა, თითოეული ჩვენგანი ვართ მის ადგილზე და ეს იყოს ჩვენი ქვეყნის წარმატება“,- განაცხადა ხაბარელმა.

მანამდე ბასილაშვილს გამარჯვება  „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა მიულოცა.

„დიდი მადლობა მსურს, როგორც ერთმა მოქალაქემ ერთ მოქალაქეს, როგორც ერთმა ქართველმა ერთ ქართველს  ვუთხრა იმ თავდაუზოგავი შრომისა და იმ წარმატებისთვის, რომ საქართველოს სახელით, ჩვენი ერის სახელი ასე გაიტანა მან მთელ მსოფლიოში, მით უფრო იმ ფონზე, რაც მას თავს დაატყდა. როგორც კონსტანტინე გამსახურდია იტყოდა –  წარმატებული კაცი, რომ გამოგვერევა ხოლმე, მერე მზად ვართ, რომ დავკორტნოთ ყველა, განსაკუთრებული ჟინით და შემართებით. და ამ ახალგაზრდა კაცსაც ასე უტევდა ძალიან ბევრი. ვერაფრით დავიჯერებ ამ კაცის მოძალადეობას, არც ჩანს, რომ მოძალადეა, პირიქით ვნახეთ კიდეც, რომ მისი ცხოვრების მნიშვნელოვან წამებში სიტყვა წარმოთქვა და თუ ვინმეს მიმართა და თავისი წარმატება მიულოცა, ეს არის მისი მცირეწლოვანი შვილი და ალბათ ყველანი ამის მოსმენით გულაჩუყებული ვიყავით“, – განაცხადა ელისაშვილმა.

ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ოჯახში ძალადობის საფუძველზე 2020 წლის 21 მაისს დააკავეს. მას ბრალი მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით ყოფილ მეუღლეზე, ნეკა დოროყაშვილზე ფიზიკური ძალადობისთვის წარედგინა. პროკურატურა ჩოგბურთელისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას მოითხოვდა, მაგრამ სასამართლომ ის 100 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. საქმეში დაზარალებულადაა ცნობილი, როგორც ნეკა დოროყაშვილი, ასევე მათი მცირეწლოვანი შვილიც.

საქმეშია 6 შემაკავებელი ორდერიც, რომელიც ბასილაშვილისა და მისი მშობლების მიმართ გამოწერა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. საქალაქო სასამართლომ კი ექვსივე ორდერი ძალაში დატოვა. ბასილაშვილის დაცვის მხარეს ორდერები სააპელაციო სასამართლოში აღარ გაუსაჩივრებია. ჩოგბურთელის წინააღმდეგ სასამართლოში მიმდინარეობს ასევე ქონებრივი დავაც. სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვა კი 19 მარტს უნდა დაიწყოს. ჩოგბურთელი ბრალს არ აღიარებს.