კლუბი BASSIANI ეხმაურება 27 იანვარს კლუბის სტუმრის გარდაცვალების ფაქტს და აღნიშნავს, რომ ახალგაზრდას შეუძლოდ გახდომის შემდეგ გაეწია დახმარება გადამზადებული თანამშრომლების მიერ, ხოლო რამდენიმე წუთში ის სასწრაფო დახმარებით გადაიყვანეს კლინიკაში, სადაც მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ამასთან, კლუბი სიცრუეს უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას მომდევნო დღეებში კლუბის კიდევ ერთი სტუმრის გარდაცვალების შესახებ. გთავაზობთ განცხადებას სრულად:
„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ვეხმაურებით ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს და უმძიმეს ტრაგედიას, რომელსაც ახალგაზრდა ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. პირველ რიგში, ღრმა მწუხარებას და თანაგრძნობას ვუცხადებთ გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და მეგობრებს.
საკითხის სენსიტიურობის გამო და ზუსტი ინფორმაციის მოპოვებამდე თავს ვიკავებდით საჯარო კომენტარისგან, თუმცა ცრუ ბრალდებებისა და გავრცელებული დეზინფორმაციის საპასუხოდ, რომლითაც ცილს გვწამებენ ადამიანების სიცოცხლის ხელყოფაში, მიზანშეწონილად მიგვაჩნია მომხდარის შესახებ ჩვენს ხელთ არსებული დეტალების გასაჯაროება.
ახალგაზრდა ადამიანი კლუბს 27 იანვარს, კვირას, დილის 07:30 საათზე ეწვია, ხოლო 10:40 საათზე ჯერჯერობით დაუდგენელი მიზეზით შეუძლოდ გახდა, რის შემდეგაც, მომენტალურად გაეწია პირველადი დახმარება შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე უსაფრთხოების გუნდის მხრიდან, ხოლო დაახლოებით 10-12 წუთში სასწრაფო სამედიცინო დახმარების საშუალებით გადაიყვანეს კლინიკაში, სადაც სამწუხაროდ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. გარდაცვალების მიზეზი ამ ეტაპზე დადგენილი არ არის, აქტიურად ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან, რომლის შედეგებსაც ველოდებით, და მის დასრულებამდე, გთხოვთ, თავი შეიკავოთ არაზუსტი ინფორმაციის გავრცელებისგან.
ამავდროულად, ვეხმიანებით დეზინფორმაციას, თითქოს გასულ პარასკევს, 2 თებერვალს, ნარკოტიკული საშუალების ზედოზირებისგან კლუბის კიდევ ერთი სტუმარი გარდაიცვალა – აღნიშნული არ შესაბამება სიმართლეს, არის სიცრუე, და მისი გავრცელება სასიკეთო მიზნებს არ ემსახურება. მოვუწოდებთ მადისკრედიტირებელი კამპანიის ავტორებს, შეწყვიტონ ტრაგედიით ურცხვად მანიპულირება. ჩვენ ერთხელ უკვე გვახსოვს ასეთი კამპანიის შედეგები 2018 წლის 12 მაისს, რომელიც შეიარაღებული სპეცრაზმის მიერ თბილისის კლუბებში შეჭრით, რეიდითა და სასტიკი დარბევით დასრულდა.
უსაფრთხო სივრცის შექმნის იდეა BASSIANI-ის მთავარი მიზანია მისი დაფუძნების დღიდან. წლების განმავლობაში, კლუბს დიდი რესურსი და შრომა აქვს გაწეული ამ მიზნის სრულყოფისთვის. საერთაშორისო ცოდნისა და გამოცდილების გათვალისწინებით, ადგილობრივი სცენის სპეციფიკის კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, კლუბი მეთოდურად ნერგავს დისკრიმინაციისგან თავისუფალი სივრცის შექმნის პრაქტიკებს. ყოველ საკლუბო ღამეს სტუმრების სიმშვიდეზე ზრუნავს უსაფრთხოებისა და ცნობიერების ამაღლების გუნდის 50-ზე მეტი წევრი, რომელთა უმრავლესობას გავლილი აქვთ პირველადი სამედიცინო დახმარების და სხვა საჭიროებებზე მორგებული ტრენინგები, მონაწილეობენ უსაფრთხო და ჯანსაღი საკლუბო გამოცდილების საერთაშორისო პროგრამებში, რაც სარისკო ქცევის მომატების და განსაკუთრებით ხალხმრავალი საკლუბო ღამეების დროს პრევენციულ ღონისძიებებს ითვალისწინებს.
BASSIANI-ს შემუშავებული აქვს გრძელვადიან ხედვებზე დაფუძნებული შიდა წესებისა და უსაფრთხოების სახელმძღვანელო დოკუმენტი, რომელიც სრულად ვრცელდება მუსიკალურ პროგრამაზე, სტუმართა გამოცდილებაზე, კარის პოლიტიკასა და შიდა სტრუქტურებზე და ხელმისაწვდომია საჯაროდ, კლუბის ვებპლატფორმის საშუალებით. https://bassiani.com/dark/contact/house-rules
ვაცნობიერებთ, რომ სრულფასოვანი და პასუხისმგებლობიანი მცდელობების მიუხედავად, რისკებისგან დაზღვეული არავინაა, არცერთ საჯარო თუ კერძო სივრცეში. სწორედ ამიტომ, ვფიქრობთ, რომ ჩვენი მხრიდან გადადგმული პრევენციული ნაბიჯების გარდა მნიშვნელოვანია საზოგადოების თითოეული წევრის ჩართულობა და აქტიურობა. როგორც აქამდე, არაერთხელ, ახლაც, ვთხოვთ არამხოლოდ კლუბის სტუმრებს, არამედ ყველას, საფრთხის თავიდან აცილების მიზნით გაეცნოთ ზიანის შემცირებისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის წესებს, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია საერთო კეთილდღეობისთვის.
რეალობის გათვალისწინებით, ვაკეთებთ მაქსიმუმს, რაც ჩვენს ხელთ არსებული საერთაშორისო და ადგილობრივი ცოდნისა და რესურსების პირობებშია შესაძლებელი. ბუნებრივია, კლუბი ვერ იქნება პასუხისმგებელი იმაზე, რაც სცდება ჩვენი მოქმედების არეალს.
ჩვენ აქამდეც არაერთხელ გვითქვამს, რომ არსებული ნარკოპოლიტიკის პირობებში საზოგადოების თითოეული წევრის ჯანმრთელობის დაცვისა და გაფრთხილების რესურსები და შესაძლებლობები შეზღუდულია და რადიკალური პრევენციული ზომების მიღება – შეუძლებელი, ის არათუ პრობლემის გადაჭრისკენაა მომართული, არამედ თავად ხდება პრობლემის, ზოგჯერ კი საუბედუროდ ტრაგედიების გამომწვევი მიზეზი.
საკლუბო კულტურის მიზანმიმართული დემონიზირებისა და დისკრედიტაციის ნაცვლად, შედეგის მომცემი იქნება, პასუხისმგებლობა შევახსენოთ სახელმწიფოს, ვის ხელშიცაა სისტემური ცვლილების მთავარი ბერკეტი ზიანის შემცირებასა და ზრუნვაზე ორიენტირებული ჰუმანური ნარკოპოლიტიკის შესამუშავებლად. ეს არის ერთადერთი გზა, რომლის საშუალებითაც, საზოგადოების თითოეული წევრი, კულტურული და საჯარო, კერძო და სახელმწიფო ინსტიტუციები, ცოდნის მიღებით, გაზიარებით და ურთიერთდახმარებით უზრუნველყოფს უსაფრთხო გარემოს შექმნას ყველგან”, – ნათქვამია განცხადებაში.