ამ თემას ჩავუღრმავდებით – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დეოლიგარქიზაციის რეკომენდაციის შესახებ დასმული შეკითხვის საპასუხოდ.
„მე როცა ვთქვი, რომ ჩვენ მიერ გასაკეთებელ ყველა პირობას პირნათლად შევასრულებთ, მე ამას ვგულისხმობ და, რა თქმა უნდა, ეს არის ლიტონი დაპირება და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ.
რაც შეეხება ამ საკითხს, დეოლიგარქიზაციას – ჩვენ გვექნება კონსულტაციები ბრიუსელთან უფრო მეტი კონკრეტიკის და განმარტების მისაღებად, თუ რა მოლოდინები არსებობს, როგორ უნდა მივიღოთ აღნიშნული კანონი. ჩვენ გვითხრეს, რომ უკრაინას აქვს ანალოგიური კანონი, მაგრამ აქვე აღინიშნა, რომ არ არის სრულყოფილი და ა.შ. ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ თემას ჩავუღრმავდებით“, – განაცხადა პრემიერმა.
მისი თქმით, დეოლიგარქიზაციის პირობა სამივე ქვეყანას განესაზღვრა.
„მოდით, ვაღიაროთ, რომ ჩვენს ქვეყანაში ნამდვილად არ არის ეს გამოწვევა, მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩვენ ამ საკითხსაც პასუხისმგებლობით შევასრულებთ, როგორც სხვა დანარჩენს, პირველის გარდა [გულისხმობს დეპოლარიზაციას]“, – განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქი არ არის.
ის ამბობს, რომ ივანიშვილი „არის ყველაზე დიდი მეცენატი, რომელიც ქვეყანას ოდესმე ჰყოლია“, ქველმოქმედი, რომელიც 20 წელზე მეტია, ეხმარება ქვეყანას. ღარიბაშვილი ამტკიცებს, რომ ივანიშვილმა დაგროვილი „სიმდიდრე საქართველოს მიუძღვნა“ და ასეულობით მასშტაბური პროექტი განახორციელა.
„ერთ-ერთი მთავარი ქველმოქმედება, რომელიც მან განახორციელა, ანტიევროპული ძალა მოაშორა ქვეყანას და დიქტატურული ძალა დაასრულა ქვეყანაში“, – განაცხადა მან.
მისი თქმით, პოლიტიკაში ივანიშვილის დესტრუქციულ როლზე რიტორიკა დესტრუქციული ძალების უარგუმენტო შეფასებაა.
„თუ ისინი გულისხმობენ იმ თამასას, რომელიც ბატონმა ივანიშვილმა დაგვიტოვა ჩვენ ყველას, მათ შორის, მედიის და ბიზნესის თავისუფლება, სასამართლოს რეფორმა და უამრავი სხვა, რის შედეგიც არის ის, რაც მივიღეთ და არ დავრჩით 2012 წელს სადაც ვიყავით, გაუგებარ დიქტატურასა და ავტორიტარულ რეჟიმში, თუ ეს არის ივანიშვილის რიტორიკა, მაშინ ჩვენც მანდ ვართ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა, რომელმაც განმარტა, რომ დესტრუქციულ ძალებში ოპოზიციას გულისხმობს.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, თუ ვინმე ივანიშვილის როლს არასათანადოდ აფასებს, ამას სჭირდება არგუმენტები.
ის ამბობს, რომ ივანიშვილი „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და ყოფილი პრემიერია, რომლის როლი ქვეყნის განვითარებასა და ევროპასთან დაახლოებაში ძალიან დიდია.
პრემიერი განმარტავს, რომ ოლიგარქი არის პირი, რომელიც მდიდრდება სახელმწიფო რესურსებით, აქვს გავლენიანი ბიზნესები და კავშირი პოლიტიკასთან.
„ბატონ ივანიშვილს არავითარი შემოსავალი არ მიუღია საქართველოდან. პირიქით, კაცმა თუ რამე იშოვა, ჩამოიტანა, დახარჯა საქართველოში ანუ იგი არის მეცენატი, ქველმოქმედი და შემდეგ პოლიტიკური პარტიის დამფუძნებელი“, – ამბობს ის.
ღარიბაშვილის განცხადებით, ივანიშვილს დღეს პოლიტიკაში როლი და სტატუსი არ აქვს.
„ოლიგარქობის ცდუნებები შესაძლოა სხვა ინდივიდებს ჰქონოდათ და ჰქონდეთ დღესაც, ჩვენ ამას შევისწავლით, გავითვალისწინებთ ევროპელების რეკომენდაციებს, უკრაინის გამოცდილებას, უკრაინაში რეალური გამოწვევაა ოლიგარქების, მაგრამ ეს ჩვენ არ გვეხება, ასე რომ, ყველაფერი იქნება კარგად“, – განაცხადა მან.