ვინ არის ოლიგარქი | რა წერია უკრაინის ანტიოლიგარქიულ კანონში

17 ივნისს ევროკომისიამ უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს შესახებ თავისი მოსაზრებები წარმოადგინა. საქართველოს შემთხვევაში ევროკომისია მხარს უჭერს ქვეყნისთვის ევროპული მომავლის დადასტურებას და კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მოგვიანებით, თუკი ის ევროკომისიის მიერ გაწერილ რეკომენდაციებს გაითვალისწინებს.

საქართველოსადმი ევროკომისიის ერთ-ერთი რეკომენდაციის თანახმად, ქვეყანამ უნდა შეასრულოს „დეოლიგარქიზაციის“ ვალდებულება ეკონომიკურ, პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაში. საქართველომ და მოლდოვამ ამ საკითხზე იდენტური რეკომენდაცია მიიღეს:

„შეასრულოს „დეოლიგარქიზაციის“ ვალდებულება ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში პირადი ინტერესების გადაჭარბებული გავლენის აღმოფხვრის გზით“, – ვკითხულობთ დოკუმენტში.

უკრაინას კი ევროკომისია ანტიოლიგარქიული კანონის იმპლემენტირებისკენ მოუწოდებს.

მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პირველი იყო, რომელმაც აღნიშნა, რომ ევროკომისიის ამ ჩანაწერში „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი არ იგულისხმება. მისი თქმით, იმ კრიტერიუმებით, რომლებიც უკრაინულ კანონშია, ოლიგარქი არა ივანიშვილი, არამედ მამუკა ხაზარაძე, დავით კეზერაშვილი და მიხეილ სააკაშვილი გამოდიან. მმართველი პარტიის კიდევ ერთი წარმომადგენლის შეფასებით, „ეს ჩანაწერი ოპოზიციისთვის შეიძლება საკუთარ ფეხში გასროლილი ტყვია აღმოჩნდეს”. შესაბამისად, „ქართული ოცნების” მხრიდან დეოლიგარქიზაციაზე საუბარი უკრაინულ პრაქტიკასთან მიდის.

რა წერია უკრაინულ კანონმდებლობაში? ვინ არის ოლიგარქი და რა ეზღუდება მას?

უკრაინის ანტიოლიგარქიული კანონის სახელწოდებაა – „კანონი ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხის თავიდან აცილების შესახებ, რომელიც დაკავშირებულია იმ პირების გადაჭარბებულ გავლენასთან, რომლებსაც აქვთ მნიშვნელოვანი ეკონომიკური და პოლიტიკური წონა საჯარო ცხოვრებაში (ოლიგარქები)“.

ანტიოლიგარქიული კანონპროექტის ინიციატორი პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი იყო. უკრაინის უმაღლესმა რადამ კანონი 2021 წლის 23 სექტემბერს მიიღო. მას მხარი 279-მა დეპუტატმა დაუჭირა, მალევე კანონს ხელი მოაწერა პრეზიდენტმა ზელენსკიმაც.

კანონის მიზანი პოლიტიკოსების, მედიისა და დიდი ბიზნესების შერწყმით გამოწვეული ინტერესთა კონფლიქტის დაძლევა, საკუთარი კაპიტალის გასაზრდელად პოლიტიკური ძალაუფლების გამოყენების თავიდან აცილება, ეკონომიკის, პოლიტიკისა და საინფორმაციო სფეროებში უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფა, მოქალაქის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების, დემოკრატიის, სახელმწიფოს სუვერენიტეტის დაცვაა. ასევე, თავიდან აცილება მოქალაქეების მანიპულირებისა, რომელიც მიზნად ისახავს ინფორმაციის მიზანმიმართული დამახინჯების გზით უკრაინელი ხალხის საკუთრებაში არსებულ რესურსებზე წვდომას.

კანონი ასევე ითვალისწინებს იმ პირთა ნუსხის შექმნას, რომლებსაც აქვთ მნიშვნელოვანი ეკონომიკური ან პოლიტიკური წონა საზოგადოებრივ ცხოვრებაში (ოლიგარქები). ოლიგარქად აღნუსხულ პირებთან კომუნიკაციის შემთხვევაში საჯარო მოხელეების კონტაქტების დეკლარაციის შევსებაც უწევთ, კანონი ადგენს შესაბამის პროცედურასაც.

უკრაინული კანონის თანახმად, ოლიგარქი არის პირი, რომელიც ერთდროულად აკმაყოფილებს ქვემოთ ჩამოთვლილთაგან მინიმუმ სამ მახასიათებელს:

  1. მონაწილეობს პოლიტიკურ ცხოვრებაში

ამ კრიტერიუმში ჯდება პირი თუ არის:

  • უკრაინის პრეზიდენტი, უკრაინის უმაღლესი რადის თავმჯდომარე, უკრაინის უმაღლესი რადის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ან მოადგილე, დეპუტატი, პრემიერ-მინისტრი, პირველი ვიცე-პრემიერი, უკრაინის ვიცე-პრემიერი. მინისტრი, მისი პირველი მოადგილე ან მოადგილე, სხვა ცენტრალური აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელი, რომელიც არ შედის უკრაინის მინისტრთა კაბინეტის სტრუქტურაში, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, გენერალური პროკურორი, უკრაინის ეროვნული ბანკის გუბერნატორი. უკრაინის პრეზიდენტის, მისი პირველი მოადგილის ან მოადგილის მიერ შექმნილი მუდმივი დამხმარე ორგანოს ხელმძღვანელი;
  • და/ან არის ზემოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმეს ოჯახის წევრი, ნათესავი, ახლობელი ან მასთან დაკავშირებული პირი.
  • და/ან იკავებს თანამდებობას პოლიტიკური პარტიის მმართველ ორგანოებში;
  • და/ან დააფინანსა პოლიტიკური პარტიის პოლიტიკური კამპანიის ან პოლიტიკური მოთხოვნით მიტინგების ან დემონსტრაციის გამართვა.
  1. აქვს მნიშვნელოვანი გავლენა მასმედიაზე

ამ კრიტერიუმს აკმაყოფილებს პირი თუ იგი:

  • არის მასობრივი საინფორმაციო საშუალების / მასმედიის მფლობელი (დამფუძნებელი) ან მფლობელის (დამფუძნებლის) ბენეფიციარი [მემკვიდრე].
  • და/ან არის მასობრივი ინფორმაციის საშუალებების / მასმედიის მფლობელის (დამფუძნებლის) კონტროლიორი;
  1. არის საბოლოო მესაკუთრე ეკონომიკური სუბიექტისა, რომელიც ამ კანონის ამოქმედების დღიდან არის ბუნებრივი მონოპოლი ან ფლობს მონოპოლიურ (დომინანტურ) პოზიციას ბაზარზე „ეკონომიკური კონკურენციის დაცვის შესახებ“ კანონის შესაბამისად და ზედიზედ ერთი წლის განმავლობაში ინარჩუნებს ან აძლიერებს ასეთ პოზიციას;
  2. პირის (და იმ ბიზნესსუბიექტების, რომელთა მოსარგებლეც ის არის) აქტივების ჯამური ღირებულება აჭარბებს შესაბამისი წლის 1 იანვარს შრომისუნარიანი პირებისთვის დადგენილი საარსებო მინიმუმის მილიონზე ნამრავლს [დღევანდელი მონაცემებით 84 მილიონამდე აშშ დოლარს]

აღნიშნული აქტივების ღირებულება გამოითვლება პირადი და იმ ბიზნესსუბიექტების აქტივების შეჯამებით, რომელთა მოსარგებლეც თავად არის. ზემოაღნიშნული აქტივების ღირებულების დაანგარიშებისას პირის საკუთრებაში არსებული მასმედიის აქტივები არ ჩაითვლება.

პირის ოლიგარქად ცნობის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭო – მინისტრთა კაბინეტის, ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს წევრის, ეროვნული ბანკის, უშიშროების სამსახურის ან ანტიმონოპოლიური კომიტეტის წინადადებაზე დაყრდნობით.

პირის ოლიგარქად ცნობის მიზნით სხდომის დანიშვნამდე 10 სამუშაო დღის განმავლობაში ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს აპარატი დაინტერესებულ პირს სხდომის შესახებ აცნობებს. რეგისტრაციის ადგილზე შეტყობინების გაგზავნის შემდეგ ცნობა ასევე გამოქვეყნდება საბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზე. პირს, რომელმაც მიიღო შეტყობინება, უფლება აქვს, საბჭოს წერილობით წარუდგინოს პირადი განმარტებები და სხვა დოკუმენტები არანაკლებ ხუთი სამუშაო დღისა, პირის მოთხოვნისა და საბჭოს გადაწყვეტილების შემთხვევაში, შესაძლებელია მისი ზეპირი მოსმენაც. საბჭოს გადაწყვეტილება პირის ოლიგარქად ცნობის თაობაზე არის ასეთი პირების ოლიგარქების ნუსხაში შეყვანის საფუძველი.

ოლიგარქების ნუსხაში შეყვანილ პირს ეკრძალება:

  • პოლიტიკური პარტიების მხარდასაჭერად შეწირულობების გაღება პირადი კაპიტალიდან, სამუშაოს შესრულება, საქონლის, მომსახურების ან ნაღდი ფულის მიწოდება; სამუშაოს შესრულება, საქონლის, მომსახურების ან ნაღდი ფულის მიწოდება ეკრძალებათ მასთან დაკავშირებულ ფიზიკურ პირებსაც, ასევე იმ იურიდიულ პირებს, რომელთა მფლობელიც თავად არის; არჩევნების დროს შეწირულობების გაღება კანდიდატების, პოლიტიკური პარტიების საარჩევნო ფონდებისთვის (გარდა საკუთარი საარჩევნო ფონდისა);
  • იყოს მყიდველი (მყიდველის ბენეფიციარი) მასშტაბური საპრივატიზაციო საგნის პრივატიზების პროცესში.
  • ნებისმიერი პოლიტიკური კამპანიის დაფინანსება, პოლიტიკური მოთხოვნებით მიტინგების ან დემონსტრაციის გამართვა.
  • ოლიგარქად აღიარებული პირი ვალდებულია, წარადგინოს დეკლარაცია სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ფუნქციების შესრულებაზე უფლებამოსილი პირის მსგავსად.

კანონში ასევე არსებობს ჩანაწერი „ოლიგარქის წარმომადგენლის“ შესახებ – ეს არის ფიზიკური პირი, რომელიც ოლიგარქის სახელით ან/და მისი ინტერესებიდან გამომდინარე მართავს შეხვედრებს, სატელეფონო ან ელექტრონული კომუნიკაცია აქვს საჯარო მოხელეებთან.

ოლიგარქების ნუსხაში შეყვანილ პირთან ან მის წარმომადგენელთან კომუნიკაციის შემთხვევაში, საჯარო მოხელე ვალდებულია, წარადგინოს კონტაქტების დეკლარაცია. კონტაქტების დეკლარაციის წარდგენის ვალდებულების დარღვევა არის პირის პოლიტიკური ან/და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი.

კანონი, სავარაუდოდ, 10 წლის განმავლობაში იქნება ძალაში.

2021 წლის 10 სექტემბერს, უმაღლესი რადის თავმჯდომარემ, დიმიტრო რაზუმკოვმა განაცხადა, რომ დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი ვენეციის კომისიას განსახილველად წარედგინა. 16 სექტემბერს ვენეციის კომისიამ დაიწყო უკრაინის მოთხოვნის განხილვა, შეეფასებინა კანონპროექტი.