„ბატონი გახარია აღარ გახლავთ მაღალი თანამდებობის პირი“ - რატომ არ მივიდა „იმედი“ პრესკონფერენციაზე

პუბლიკა

ტელეკომპანია „იმედი“ განცხადებას ავრცელებს, სადაც განმარტავს, თუ რატომ არ ესწრებოდა ტელეკომპანია ,,იმედის’’ წარმომადგენელი გიორგი გახარიას პრესკონფერენციას.

„სამწუხაროა, რომ ახალშობილმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ, რომლის სლოგანია „არავის წინააღმდეგ“, თავისი აქტივობა დაიწყო მედიის მისამართით „თითის ქნევით“ და გაილაშქრა ტელეკომპანია „იმედის“ წინააღმდეგ. ამ შეკრებაზე ჩვენი ტელეკომპანია არ იყო წარმოდგენილი მარტივი მიზეზით: ჩვენ შემოგვთავაზეს ფორმატი, რომელშიც რამდენიმე ტელევიზიის პოლიტიკური თოქ-შოუს წამყვანებს, ერთად იბარებდნენ ინტერვიუზე გიორგი გახარიასთან. დამკვიდრებული პრაქტიკით, ამგვარი ფორმატი გულისხმობს მხოლოდ მაღალი თანამდებობის პირების მონაწილეობას ან გამოიყენება განსაკუთრებული მნიშვნელობის მოვლენების გაშუქების შემთხვევაში. ტელეკომპანია „იმედმა“ არ მიიჩნია მოძრაობა „საქართველოსთვის“ შეკრება განსაკუთრებული მნიშვნელობის მოვლენად და არც ბატონი გახარია აღარ გახლავთ მაღალი თანამდებობის პირი. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ჩვენი ტელეკომპანია, სხვა მედიასაშუალებებთან შედარებით, ყველაზე მეტად დაზარალდა სააკაშვილის რეჟიმის დროს.

შესაბამისად, „იმედის“ სარედაქციო პოლიტიკის მიზანია, შევეწინააღმდეგოთ ანტიდემოკრატიული ძალების პოლიტიკურ რეანიმაციას, რასაც მხილებით და სიმართლის თქმით ვაკეთებთ – ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას: გიორგი გახარიას მიერ პრემიერ-მინისტრის პოსტის დატოვება იმ მომენტში, ცალსახად ემსახურებოდა ნაციონალური მოძრაობის ინტერესებს. რაც შეეხება მის სურვილს, დავუთმოთ „იმედის“ ყველაზე რეიტინგული ეთერი – ბატონი გახარიას მიერ ჩვენს ტელეკომპანიაზე უსაფუძვლო თავდასხმის შემდეგ, მისთვის ამ შესაძლებლობის მიცემა, ჯერჯერობით არარელევანტურად გვეჩვენება“,- ნათქვამია განცხადებაში.

პარტია „საქართველოსთვის“ დამფუძნებელი და ლიდერი გიორგი გახარია მედიის წარმომადგენლებს 31 მაისს შეხვდა და მათ კითხვებს უპასუხა.