ეს ჩემთვის პირდაპირ აჩვენებს, რომ „იმედი“ პოლიტიკურად მოტივირებული და მართული ტელევიზიაა - გახარია

პუბლიკა

პარტია „საქართველოსთვის“ დამფუძნებელი გიორგი გახარია გამოეხმაურა „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების შეფასებებს მის შესახებ.

კერძოდ, გახარიამ ხაზი გაუსვა განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ მას „TV პირველი“ და „ფორმულა“ უწევენ პოპულარიზებას.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ ლექსიკა ერთმანეთს ემსგავსება, როცა ისინი გიორგი გახარიას შესახებ საუბრობენ.

„დღეს უთქვამთ, შეხედეთო, რომელი ტელევიზიები აპიარებენო [გახარიას] და აქედან გავაკეთოთ დასკვნაო, ეს იქნება მიმანიშნებელიო, გახარია მიშა სააკაშვილის პროექტი არის თუ არაო და დღეს აგერ „იმედი“ აქ არ არის.

ეს რას აჩვენებს, იცით? ეს ჩემთვის პირდაპირ აჩვენებს, რომ „იმედი“ პოლიტიკურად მოტივირებული და მართული ტელევიზიაა. მაშინ, როდესაც 4 თვის წინ დიდი სიამოვნებით იყო „იმედის“ ნებისმიერი კარი ჩემთვის გაღებული, დღეს არც ერთ ღონისძიებაზე არავინ მოსულა. ძაან გამიკვირდა, „რუსთავი 2“ რომ მოვიდა. მადლობა მათ, ვაფასებ.

მე ხომ ვთქვი, რომ სიმართლის თქმის რესურსი და უფლება მე მაქვს და ამას ვერავინ წამართმევს“, – განაცხდა გახარიამ.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, აქამდე იცოდა თუ არა გახარიამ, რომ „იმედი“ პოლიტიკური ტელევიზია იყო, ყოფილი პრემიერი პასუხობს, რომ „ეჭვი ეპარებოდა“, „რუსთავი 2-ზე“ კი არანაირი მინიშნება არ გაუკეთებია.

„ღიად ვსაუბრობ. მე მინდა, რომ ჩვენი საზოგადოების პოლარიზაციის საკითხი, რომელიც მედიასაც გადაედო, გადავლახოთ. ეს ფორმატი იდეალური რომ არ არის, არ ვიცი? ვიცი. მაგრმა უბრალოდ იმის შიშით, რომ იქ თუ მიხვალ ამას დაგაბრალებენ, აქ თუ მიხვალ იმას დაგაბრალებენ…ჩვენ ახალი პარტია  ვართ, არ გვაქვს ტელევიზიები და იმის შესაძლებლობა რომ…„რუსთავი 2-ს“ რაც შეეხება, „რუსთავი 2-მა“ ჩვენი პარტიის დამფუძნებელი კონფერენცია პირდაპირ ეთერიდან მოხსნა 5 წუთით ადრე, ვიდრე სიგნალი გადაეცემოდა, ეს გაუგებარი იყო“, – განაცხადა გახარიამ.

გიორგი გახარია ტელევიზიის ჟურნალისტებთან პირველ პრესკონფერენციას მართავს.

პრესკონფერენციის დასაწყისში მან აღნიშნა, რომ „იმედი“ და „POSTV“ არ მივიდნენ, მიუხედავად გახარიის პარტიის თხოვნისა.

„სამწუხაროდ, ჩემთვის გაუგებარი მიზეზების გამო „იმედის“ და „POSTV“ ადგილები თავისუფალია, მიუხედავად იმისა, რომ ისინი მოვიწვიეთ. უფრო მეტიც, ვთხოვეთ, აქ ყოფილიყვნენ წარმოდგენილები. მოგეხსენებათ, „იმედი“ ყველაზე რეიტინგული ტელევიზიაა. უბრალოდ, ამას თავისი ახსნას აქვს.

ზუსტად ვიცი, რომ „იმედის“ ბევრი ჟურნალისტი ვერ ხსნის და ვერ გაუგია, რატომ არ უნდა იყოს მათი ტელევიზია აქ წარმოდგენილი. საპასუხოდ, იქიდან გამომდინარე, რომ „იმედი“ არის ყველაზე მაღალი რეიტინგის მქონე ტელევიზია, მინდა შევთავაზო ჩემი პირველი პირდაპირი ეთერი ტელევიზიაში მათთან, რა თქმა უნდა, თუ მათი სურვილი იქნება“, – განაცხადა მან.