ბატონი ივერი ბრალს არ აღიარებს, სასამართლოს გირაოს არ შევთავაზებთ - ივერი მელაშვილის ადვოკატი

პუბლიკა

გარეჯის საქმეზე დაკავებული ივერი მელაშვილის ადვოკატი ედუარდ მარიკაშვილი აცხადებს, რომ სასამართლო პროცესზე გირაოს შუამდგომლობის დაყენებას არ აპირებს. მისი პოზიციაა, რომ მელაშვილი აღკვეთი ღონისძიების გარეშე უნდა დარჩეს, რადგან მისი დაცვის ქვეშ მყოფი ფიქრობს, რომ პროცესი პოლიტიზებულია.

„ბატონი ივერი სასამართლოსთვის არანაირი ალტერნატივის შეთავაზებას არ აპირებს, მათ შორის, გირაოსიც. ის მიიჩნევს, რომ ეს მისი ბრძოლაა და ბოლომდე იბრძოლებს, არანაირი დათმობა არ იქნება იმის გამო, რომ ის გარეთ იყოს. სასამართლოს გირაოს არ შევთავაზებთ, ვინაიდან ის ამას საჭიროდ არ მიიჩნევს. ბრალდება ისეთ დროსაა წამოწეული, ბატონი ივერისთვის აშკარად აჩენს განცდას, რომ ეს არის პოლიტიკური პროცესი, მსხვერპლშეწირვა პატიოსანი ადამიანების. კომისია 20 წლის განმავლობაში ყოველგვარი ხელფასის გარეშე მუშაობდა, წერტილ-წერტილ ზომავდნენ აზერბაიჯანთან საზღვრებს და ცდილობდნენ, ქვეყნისთვის კარგი ეკეთებინათ. ასეთ ხალხს წირავენ პოლიტიკური ბატალიებისთვის”, – განაცხადა მარიკაშვილმა.

პოლიტიკური განცხადებისგან თავს იკავებს, თუმცა იმავე პოზიციაზეა მეორე დაკავებულის, ნატალია ილიჩოვას უფლებადამცველიც.

„ბრალი ედება ქალბატონ ნატალიას საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო მოქმედებაში, თუმცა ის ამ ბრალეულობას არ აღიარებს და ბუნებრივიცაა, ვერ აღიარებდა იმას, რაც არ ჩაუდენია. დაკავებულია მოსამართლის განჩინებით. იმედია, სასამართლო, როდესაც იმსჯელებს აღკვეთის ღონისძიების საკითხზე, მიიღებს სწორ და სამართლიან გადაწყვეტილებას და მას პატიმრობას არ შეუფარდებს. ქალბატონი ნატალია ისევე, როგორც ჩვენ, არის საქართველოს მოქალაქე და მის ინტერესშიც შედის საქართველოს საზღვარი იყოს ისეთი, როგორიც გვინდა, რომ იყოს, მაგრამ ადამიანმა რომ რუკის წაკითხვა იცოდეს სწორად და სწორი ინფორმაცია მიაწოდოს კომისიას, ამის გამო პატიმრობაში არ უნდა იმყოფებოდეს“, – განაცხადა სულხან კომახიძემ

პროკურატურამ დავით გარეჯის საკითხზე კომისიის ორი წევრი – ნატალია ილიჩოვა და ივერ მელაშვილი საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედებების ბრალდებით დააკავა.

პროკურატურის განცხადებით, ბრალდებულებმა რუკის ალბომებში სახელმწიფო საზღვრის გავლებისას განზრახ გამოიყენეს ისეთი კარტოგრაფიული მასალა, რომელიც ისტორიულად და სამართლებრივად არ ემყარებოდა და არ ასახავდა ჩვენი სახელმწიფოს რეალურ პოზიციას მის კუთვნილ ტერიტორიებთან დაკავშირებით.