დღეს, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან ისაუბრა.
ღარიბაშვილი გამოეხმაურა ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ ინტერვიუს და თქვა, რომ ივანიშვილმა გულწრფელად უპასუხა ყველა იმ კითხვას, რომელიც საზოგადოებას აწუხებს.
„ბატონმა ბიძინამ სრულად გულწრფელად გასცა ყველა იმ კითხვას პასუხი, რომელიც დღეს საზოგადოებას აწუხებს, აბსურდულ ბრალდებას და ცილისწამებას, რომელიც მომდინარეობს რადიკალური, დესტრუქციული და ექსტრემისტული ოპოზიციად წოდებული ძალის მხრიდან“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, ქვეყანას გარდა ოკუპაციისა, სიდუხჭირისა და უმუშავრობასთან დაკავშირებული პრობლემებისა, მშვიდობიან განვითარებაში ხელს უშლის საფრთხე, რომელიც მომდინარეობს რადიკალური, ექსტრემალური ოპოზიციური ძალის, კერძოდ, „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან.
„ჩვენ უზრუნველვყოფთ ნებისმიერი მოქალაქის, ისე პარტიის კონსტიტუციურ ჩარჩოებში გამოხატვის თავისუფლებას, მაგრამ ეს უნდა იყოს კანონის ფარგლებში. ნებისმირი გადახვევა კანონიდან იქნება რეაგირებული სახელმწიფოს მხრიდან. მეორე, როგორ წარმოგიდგენიათ თქვენ ევროპის ნებისმიერ სახელმწიფოში ან აშშ-ში მსგავსი მეთოდებით, რაც ჩვენ ვიხილეთ, პიკეტირების მცდელობა კონგრესის შენობის ან სხვა ევროპული ქვეყნების პარლამენტის შენობების. ეს არის აბსოლუტურად დაუშვებელი. ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული, ნებისმიერ ნორმალურ ევროპულ სახელმწიფოში“, – ამბობს ღარიბაშვილი.
ამ დროისთვის პარლამენტის მიმდებარედ კვლავ რჩებიან საპროტესტო აქციის მონაწილეები. პოლიციას პარლამენტის მიმდებარე ქუჩები რკინის კონსტრუქციებით აქვთ ჩახერგილი, ამას გარდა ქუჩებს პოლიციის გაძლიერებული კორდონები იცავს. 12 საათისთვის პარლამენტში პლენარული სხდომაა ჩანიშნული.