ბათუმის აქცია ანტისახელმწიფოებრივი მიზნებითა და გარე დავალებებით არის ნაკარნახევი - კობახიძე

პუბლიკა

ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ბათუმში Astoria Grande-ს შემოსვლის საწინააღმდეგო აქციას „ანტისახელმწიფოებრივი მიზნებითა და გარე დავალებებით ნაკარნახევს” უწოდებს.

„გასაკვირი არაა, რომ ქვეყნის ეკონომიკური წინსვლის გამო უკიდურესად შფოთავენ საქართველოს არაკეთილმოსურნეები, პირველ რიგში – კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ და მისი უცხოელი პატრონები. სწორედ ამას უკავშირდება მათი ქსენოფობიური კამპანიები და ყველა პოლიტიკური პროვოკაცია, რომელიც საქართველოში ტურისტული ნაკადების ხელოვნურად შემცირებას ისახავს მიზნად.

ყველას კარგად გვახსოვს, ლარსის გამშვებ პუნქტზე პირადად როგორ ეგებებოდა რუს ტურისტებს კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ლიდერი, მიხეილ სააკაშვილი რუსეთ-საქართველოს ომიდან სულ რაღაც 3 წლის თავზე, როგორ გააუქმა ცალმხრივად სავიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებისთვის. ყველას გვახსოვს, როგორ საუბრობდნენ „ნაცმოძრაობის“ სახეები – ელენე ხოშტარია, ზურა ჯაფარიძე, მიშა მშვილდაძე და სხვები იმავე პერიოდში რუსი ტურისტებისა და რუსეთთან ვაჭრობის მნიშვნელობაზე. ამგვარი ფარისევლობა და ფსევდოანტირუსების ორმაგი სტანდარტი ცხადად მიანიშნებს, რომ ყველა პოლიტიკური პროვოკაცია, მათ შორის გუშინ ბათუმში გამართული აქცია, მხოლოდ ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკური მიზნებითა და გარე დავალებებით არის ნაკარნახევი“, – განაცხადა კობახიძემ.

რაც შეეხება უშუალოდ კრუიზს, კობახიძე ამბობს, რომ გემი დარეგისტრირებულია პალაუში და ცურავს პალაუს დროშის ქვეშ.

„მასზე, რუსი ტურისტების გარდა, იმყოფებოდნენ ტურისტები სხვა ქვეყნებიდანაც. გემი არ შესულა აფხაზეთში, შესაბამისად, გემს და გემზე მყოფ პირებს არ დაურღვევიათ კანონი ოკუპაციის შესახებ. ტურისტები საქართველოში ჩამოვიდნენ ერთი დღით, ქალაქ ბათუმის მოსანახულებლად. ვერავინ ახსნის, რა განსხვავებაა საქართველოში მანქანით და გემით შემოსულ რუს ტურისტებს შორის და შესაბამისად, რა ლოგიკური ახსნა ჰქონდა კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ მიერ გუშინდელი აქციის მოწყობას. სინამდვილეში, ახსნა ერთადერთია – კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ და მისი პატრონები ყველანაირად ცდილობენ პროვოკაციების მოწყობას, რისი მიზანიც ქვეყანაში თუნდაც მცირე არეულობის შემოტანა და ქვეყნის ეკონომიკური და პოლიტიკური ინტერესებისთვის ზიანის მიყენებაა“, – აცხადებს კობახიძე.