ბათუმის მერია მემედ აბაშიძის ქუჩაზე მდებარე კორპუსის შესახებ განცხადებას აქვეყნებს

პუბლიკა

ბათუმის მერია განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნავს, რომ მემედ აბაშიძის ქ. 56-ში მდებარე კორპუსიდან, მოსახლეობის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, 40-მდე ოჯახი იქნა გამოყვანილი.

„ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ დაადგინა, რომ ქ. ბათუმში, მემედ აბაშიძის ქ. #56-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მემედ აბაშიძის ქუჩაზე გამავალი ნაკვეთური იმყოფება ავარიულ მდგომარეობაში, რომელიც საჭიროებს გადაუდებელი გამაგრებითი ღონისძიებების ჩატარებას სპეციალურად დამუშავებული პროექტის მიხედვით, კვლევით ნაწილში მითითებული შენიშვნების გათვალისწინებით“, – ვკითხულობთ განცხადებაში.

რაც შეეხება მემედ აბაშიძის ქ. 56-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის 26 მაისის ქუჩაზე გამავალ ნაკვეთურს, როგორც ბათუმის მერია აღნიშნავს, მისი ტექნიკური მდგომარეობა ძირითადად დამაკმაყოფილებელია.

„აღნიშნული ნაკვეთური დღეის მდგომარეობით გადაუდებელი გამაგრებითი ღონისძიებების ჩატარებას არ საჭიროებს, თუმცა ორივე ნაკვეთური საჭიროებს როგორც მშენებლობის, ასევე ექსპლუატაციის პერიოდში მიღებული კონსტრუქციული გადაწყვეტილებების გადამოწმებას. კვლევით ნაწილში არსებული დეფექტები საჭიროა აღმოიფხვრას“, – ამბობს უწყება.


8 ოქტომბერს, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე კორპუსის სადარბაზოს ჩამონგრევას 9 ადამიანი, მათ შორის, 3 ბავშვი ემსხვერპლა. კორპუსის ჩამონგრევის საქმეზე ბრალდებულია სამი პირი. მათ სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.