„ბათუმის რივიერასთვის!" – ახალგაზრდა მწვანეების აქცია ეკონომიკის სამინისტროსთან

პუბლიკა

გააუქმდეს უკანონო მშენებლობის ნებართვა, ბათუმის რივიერა დაუბრუნდეს მოქალაქეებს და დაირგოს ხეები, – ეკონომიკის სამინისტროსთან „ახალგაზრდა მწვანეების” ორგანიზებით გაიმართა სოლიდარობის აქცია ბათუმელი აქტივისტებისადმი, რომლებიც რივიერას ჩაბეტონებას აპროტესტებენ.

„შეშფოთებულნი ვართ ინფორმაციით, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ბათუმის რივიერაზე 42-სართულიანი კორპუსის მშენებლობის ნებართვა გასცა.

რივიერასთან დაკავშირებული სავარაუდო დანაშაულების სერია გრძელდება და ამ პროცესში ჩართულია ხელისუფლების ყველა შესაბამისი რგოლი. მას შემდეგ, რაც ადგილობრივმა თვითმმართველობამ საზოგადოებრივი ინტერესის უგულებელყოფით და სავალდებულო კვლევების გარეშე შეითანხმა განაშენიანების რეგულირების გეგმა, უკვე ცენტრალურმა ხელისუფლებამ, ეკონომიკის სამინისტრომ, საზოგადოება „ბათომის“ თხოვნის მიუხედავად, ფარულად, დაინტერესებული მხარეების გამორიცხვით, საზოგადოების ზურგს უკან მიიღო გადაწყვეტილება.

ბათუმის რივიერაზე მშენებლობის ნებართვის გაცემა ღია დემონსტრირებაა იმისა, რომ ხელისუფლება არსებითად უგულებელყოფს საზოგადოებრივ ინტერესს და ყოველგვარი არგუმენტაციის, სამეცნიერო დასაბუთების გარეშე მხარს უჭერს პროექტს, რითაც ეკოლოგიური საფრთხის წინაშე აყენებს ქალაქს.

მოვითხოვთ, გასაჯაროვდეს ყველა კვლევა და გადაწყვეტილების მიღების საფუძველი. ამასთან, შესაძლო შედეგზე, რასაც გამოიწვევს აღნიშნული ნებართვა, პასუხისმგებლობას ვაკისრებთ ხელისუფლებას.

ჩვენ გვჯერა რომ, რომ სოლიდარობითა და ერთიანობით გავიმარჯვებთ კერძო ბიზნეს-ინტერესზე და ბათუმის რივიერა დარჩება საჯარო სივრცედ!“, – ნათქვამია მათ განცხადებაში.