ბათუმის საკრებულოში ოპოზიციონერმა ნივთიერება გაუშვა, რომელსაც მძაფრი სუნი აქვს

პუბლიკა

ბათუმის საკრებულოს შენობაში ენმ-ის წარმომადგენელმა,  მირდატ ქადამაძემ სხდომის დაწყებამდე შპრიციდან სპეციალური სითხე გაუშვა, რომელსაც მძაფრი სუნი აქვს.

ამის შემდეგ სხდომის დარბაზი დატოვეს იქ მყოფმა ადამიანებმა. ქადამაძის თქმით, ეს ის სითხეა, რომელიც თბილისში, პარლამენტის შენობაში გაუშვეს. ის ამბობს, რომ ეს ნივთიერება ჯანმრთელობისთვის საშიში არაა და მხოლოდ მძაფრი სუნი აქვს.

აჭარის უმაღლესი საბჭოს ადმინისტრაციულ შენობაში საკრებულოს სხდომა იმართებოდა. სხდომაზე ერთ-ერთ საკითხად ბათუმის 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის დამტკიცების საკითხი იყო.

ოპოზიციის წარმომადგენლები ძველი მოწვევის საკრებულოს წარმომადგენლებს მოუწოდებენ, რომ ძველი მოწვევის საკრებულოს შემადგენლობამ არ დაამტკიცოს ადგილობრივი თვითმმართველობის 2022 წლის ბიუჯეტი.

მათი თქმით, 2017 წლის საკრებულომ, რომლის უფლებამოსილებაც 1 კვირაში სრულდება, ქალაქის მომდევნო წლის ბიუჯეტი არ უნდა დაამტკიცოს და ეს შესაძლებლობა ახალ საკრებულოს უნდა დაუტოვოს.

წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის ასიგნებები 254 047,400 ლარს შეადგენს.