ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის ორი პროცესი გაიმართა – სისხლის სამართლის საქმეზე, მტკიცებულებათა გამოკვლევის ფარგლებში, გამოიკითხა დაცვის მხარის მოწმე, „ბათუმელების” ჟურნალისტი, ჯაბა ანანიძე.
მან თქვა, რომ ადგილზე მას შემდეგ მივიდა, რაც მზია ამაღლობელი ადმინისტრაციული პატიმრობიდან გათავისუფლებული იყო, ანუ 12 იანვრის ღამეს, თუმცა ადმინისტრაციულ საქმეში შინაგან საქმეთა სამინისტროს ის კადრები აქვს გამოყენებული, სადაც ჯაბა ანანიძეც ჩანს.
„მზია ამაღლობელის ადმინისტრაციულ საქმეში გამოიყენეს კადრები, რომელშიც მე ვჩანვარ და შეუძლებელია მე იქ ვიყო, იმიტომ, რომ მე ვიყავი იმ საღამოს თურქეთში, იმ საღამოს გადმოვედი ბათუმში და საპროტესტო აქციაზე მას შემდეგ მივედი, როცა მზია ამაღლობელი გათავისუფლდა ადმინისტრაციული პატიმრობიდან. ექსპერტიზამაც დაადასტურა, რომ ეს კადრები იყო მანიპულაციური”, – განაცხადა მან.
ამ ინფორმაციაზე აქამდე ადვოკატებსაც უსაუბრიათ – მათ აღნიშნეს, რომ საქმეში ჩანაწერები შსს-მ წარმოადგინა იმ დასაბუთებით, რომ თითქოს ეს ჩანაწერები ადასტურებდა მზია ამაღლობელის მხრიდან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, მაგრამ ადვოკატების განცხადებით, ეს ჩანაწერები გადაღებული იყო მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული წესით დაკავებიდან რამდენიმე საათის შემდეგ, მისი სისხლის სამართლის წესით დაკავებამდე პერიოდში.
დღეს ასევე გაიმართა ადმინისტრაციული საქმის პროცესი – მზია ამაღლობელს პოლიციის დეპარტამენტის წინ, დამხმარე ნაგებობაზე სტიკერის გაკვრასაც ედავებიან.
„არ ვიცი, სამართალში, პრაქტიკაში როგორ არის, მაგრამ ერთ შემთხვევაზე, სტიკერის გაკვრაზე მეორედ რომ მასამართლებენ, უსამართლოდ მიმაჩნია, შეურაცხყოფად მიმაჩნია, რომ იერსახის დაზიანებას მედავებიან – ბათუმის ადმინისტრაციაში ჩემი ხელმოწერით არაერთი განცხადებაა შეტანილი, როცა ვიცოდი, რომ რაღაცისთვის ნებართვის მოპოვება მჭირდებოდა.
არ მიმაჩნია სამართალდარღვევად თავი, იმიტომ, რომ სტიკერის გაკვრა დანაშაული არ არის – მით უმეტეს, ჩემ შემთხვევაში, იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში სტიკერის გაკვრას იმ შინაარსის გავრცელებას კი არ ჰქონდა ჩემი მხრიდან მნიშვნელობა, თან იფიცება საქართველო ძალიან კეთილშობილური მიზანია, მაგრამ ჩემი მხრიდან, ეს სტიკერის გაკვრა იყო სოლიდარობის და პროტესტის გამოხატვა იმ აქციის მონაწილეების მიმართ, რომლებიც დააკავეს”, – განაცხადა მზია ამაღლობელმა.
შსს მზია ამაღლობელს 11 იანვარს აქციაზე პოლიციელის შეურაცხყოფას ედავებოდა და წარმოება 173-ე მუხლით იყო დაწყებული, ის ამ საქმეზე 2000 ლარით დააჯარიმეს. მოგვიანებით, მზია ამაღლობელის წინააღმდეგ კიდევ ერთი ახალი ადმინისტრაციული საქმე დაიწყო. საქმე აღძრულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით.