განახლება: საქმე 13 მარტისთვის გადაიდო
ბათუმის საქალაქო სასამართლო „ბათუმელების“/„ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის და დირექტორის, მზია ამაღლობელის ადმინისტრაციულ საქმეს განიხილავს. მზია ამაღლობელი სხდომას დისტანციურად ესწრება.
შსს მზია ამაღლობელს 11 იანვარს აქციაზე პოლიციელის შეურაცხყოფას ედავება და წარმოება 173-ე მუხლით აქვს დაწყებული.
ადვოკატები აცხადებენ, რომ მზია ამაღლობელის დაკავების ოქმი გაყალბებულია, რადგან ის არა პოლიციელის შეურაცხყოფისთვის, არამედ შენობაზე სტიკერის მიკვრის გამო დააკავეს და ამას ადასტურებს ვიდეო, რომელშიც ჩანს როგორც ამაღლობელის ქმედება, ასევე ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის ნათქვამი, რომ ამაღლობელი ასკ-ის 150-ე მუხლის დარღვევისთვისაა დაკავებული.
ადვოკატები აცხადებენ, რომ 150-ე მუხლი დაკავების საფუძველი არაა. სწორედ ამიტომ ჩაიწერა ოქმში 173-ე მუხლი, რომლითაც მზია ამაღლობელის დაკავების საფუძველი შეიქმნა.
ადვოკატები ხაზს უსვამენ იმას, რომ მზია ამაღლობელს სამართალდამცველებისთვის შეურაცხყოფა არ მიუყენებია, არც წინააღმდეგობა გაუწევია და ეს დასტურდება ამაღლობელის დაკავების ამსახველი ვიდეოებითაც.
ადვოკატები ასევე აცხადებენ, რომ ვიდეოების მიხედვით, მზია ამაღლობელის დამკავებელი არის აჭარის პოლიციის სამმართველოს უფროსი გრიგოლ ბესელია, თუმცა საქმეში სხვა პოლიციელის სახელია გაფორმებული. ისინი გრიგოლ ბესელიასა და ირაკლი დგებუაძის გამოკითხვას მოითხოვენ.
ამ საკითხზე მოსამართლემ განაცხადა, რომ გადაწყვეტილებას სხვა მტკიცებულებების გამოკვლევის შემდეგ მიიღებს.
საქმის მოსამართლე სალიხ შაინიძე მზია ამაღლობელის დეიდაშვილის სიძეა. ამაღლობელმა მისი აცილება მოითხოვა, თუმცა შუამდგომლობას შსს არ დაეთანხმა. მოსამართლემ აცილება არ დააკმაყოფილა.
„რაც არ უნდა გასაკიცხი დარჩეს ჩემ მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომელიმე მხარისათვის, შეიძლება ეს არ იყოს ადამიანურად სასიამოვნო, მაგრამ მთავარია მე ვიყო მართალი და სწორი. მე არ მქონია ქალბატონ მზიას ოჯახთან რაიმე შემხებლობა ამ ორი თვის განმავლობაში, ადმინისტრაციული წესით როცა იყო დაკავებული“, – განაცხადა მან.
მზია ამაღლობელის საქმის განხილვას ესწრებიან ნორვეგიის და დიდი ბრიტანეთის საელჩოების წარმომადგენლები.
მზია ამაღლობელი ადმინისტრაციული დაკავებიდან მალევე ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, გათავისუფლებიდან რამდენიმე წუთში კი ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო სისხლის სამართლის წესით დააკავეს. მას პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.
აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების დროს სასამართლო ამაღლობელის ადმინისტრაციული დაკავების ოქმს დაეყრდნო.
„ამ უკანონო დოკუმენტის საფუძველზე სასამართლომ დაასკვნა, რომ არსებობს რისკი, რომ მზია ამაღლობელი კვლავ ჩაიდენს დანაშაულს“, – განაცხადა ადვოკატმა.