ბათუმში აჭარის მთავრობის სახლთან აქცია მიმდინარეობს

პუბლიკა

ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლთან აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

აქციის მონაწილეები რამდენიმე დღის წინ დაკავებული ორი ადამიანის გათავისუფლებას მოითხოვენ. დაკავებულების ოჯახის წევრები და ახლობლები, აჭარის მთავრობის ხელმძღვანელთან თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრას ითხოვენ. მათი განცხადებით, სამართალდამცავები ხელს აფარებენ ნამდვილ დამნაშავეს.

საქმე ეხება, რამდენიმე დღის წინ ბათუმში მომხდარ შემთხვევას, რომლის დროსაც მოქალაქეებს შორის კონფლიქტი მოხდა და დააკავეს 2 ადამიანი.

არსებული ინფორმაციით, ორ მოქალაქეს მოუვიდა ჩხუბი უცნობ პირებთან, რის შემდეგაც დაპირისპირებული მხარეები პოლიციამ დააკავა.

აჭარის მთავრობის სახლთან მობილიზებულია პოლიცია. ისინი მონაწილეებს დისტანციის დაცვისკენ მოუწოდებდნენ, რასაც მოჰყვა აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეხლა-შემოხლა.