ბათუმში ბატუტზე დაშავებული მეორე ბავშვი სამკურნალოდ თურქეთში გადაიყვანეს

პუბლიკა

12 მარტს ბათუმის ბულვარში ბატუტის გადაბრუნების შედეგად დაშავებული 3 წლის ბავშვი სამკურნალოდ თურქეთში გადაიყვანეს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა „ბათუმელები“ ავრცელებს.

ბავშვის უფროსი ძმა, 9 წლის ბიჭი, რომელიც ძმასთან ერთად ბატუტზე თამაშობდა, 13 მარტს კლინიკაში გარდაიცვალა.

ექიმები აცხადებენ, რომ 3 წლის ბავშვის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

მომხდართან დაკავშირებით, დაკავებულია 64 წლის კაცი. მას ბრალი აქვს წარდგენილი., საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

„ძლიერი ქარის გამო, ბათუმის ბულვარში მდებარე ე.წ. ბატუტი გადაბრუნდა, რა დროსაც კონსტრუქციაზე მყოფი ორი მცირეწლოვანი დაშავდა, რომელთაგან ერთ-ერთი მიღებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებული პასუხისმგებელი იყო ბულვარში განთავსებული აღნიშნული ე.წ. ბატუტის უსაფრთხოებასა და ექსპლუატაციის წესების დაცვაზე, თუმცა მან დაკისრებული ვალდებულებების შესრულება ვერ უზრუნველყო“, – ამბობენ შსს-ში.