ბათუმში ძმები წულუკიძეების და ჭელიძეების მხარდამჭერ აქციაზე შეხლა-შემოხლა იყო

პუბლიკა

ბათუმში, აჭარის მთავრობასთან მიმდინარე აქციაზე, პოლიციელებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირებაა. ადგილობრივი მედიის „ბათუმელების“ ინფორმაციით,  მიზეზი აქციის მონაწილეების გადაწყვეტილება გახდა – ისინი აჭარის მთავრობის წინ კარვების გაშლას აპირებდნენ. აქციას ბრალდებული ძმების – წულუკიძეების, ჭელიძეებისა და ელდარ ანთაძის ახლობლები მართავენ. პოლიციამ მათ კარვების გაშლის საშუალება არ მისცა.

ბრალდებულ ძმებს ჯგუფურ ძალადობას ედავებიან, დაკავებულები კი ამბობენ, რომ მათ პოლიტიკური ნიშნით გაუსწორდნენ, რადგან ისინი ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები არიან.

15 მაისს ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციაზე ჯგუფური ძალადობის ბრალდებით 6 პირი დააკავეს.

დაკავებულებს შორის არიან ფირუზ წულუკიძე და მისი ძმა რევაზ წულუკიძე.

შსს-ს ინფორმაციით დანაშაული 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 12 აპრილს, ქალაქ ქუთაისში, გუმათჰესის დასახლებაში „ნამახვანჰესის“ მშენებლობასთან დაკავშირებით მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ჯგუფურად იძალადეს და ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს აქციაზე მყოფ სამ პირს. ასევე, დააზიანეს ერთ-ერთი დაზარალებულის კუთვნილი ავტომანქანა. ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით მიმდინარეობს“, – წერია გავრცელებულ განცხადებაში.