ბათუმში გერმანელ DJ-ზე თავდამსხმელს პროკურატურამ ბრალდება წარუდგინა

პუბლიკა

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, უწყებამ 30 ივლისს ბათუმში გერმანელი DJ-ის, Phare Fatale-ის მიმართ ძალადობის ფაქტზე ლ.ჭ-ს ბრალდება წარუდგინა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 30 ივლისს, დილის საათებში, ბათუმის ბულვარში მდებარე ღამის კლუბ „სფეროს“ მიმდებარე ტერიტორიაზე ყოფნისას, ლ.ჭ.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი უთანხმოების გამო, იძალადა ჰ.ვ.მ.-ზე, რამაც ამ უკანასკნელის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

ჰ.ვ.მ.-მ გამოკითხვისას მის მიმართ დისკრიმინაციის მოტივით განხორციელებული ძალადობის ფაქტი და ასევე, ღამის კლუბის დაცვის თანამშრომლის მხრიდან ძალადობა უარყო, ხოლო რაც შეეხება სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას, სადაც ჰ.ვ.მ. ჰომოფობიურ და დისკრიმინაციული მოტივით განხორციელებულ ძალადობაზე საუბრობდა, დაზარალებულმა განმარტა, რომ აღნიშნული ინფორმაციის გავრცელება გამოწვეული იყო აღელვების ნიადაგზე და სიმართლეს არ შეესაბამება“, – ვკითხულობთ განცხადებაში.

პროკურატურის ინფორმაციით, თავდამსხმელს ბრალდება საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ერთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. უწყება ამბობს, რომ პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

„პუბლიკა“ შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს გაარკვიოს, თუ როდის დააკავეს ბრალდებული. მეტი დეტალის გარკვევის შემთხვევაში ინფორმაცია განახლდება.


„ბერგჰაინისა“ და „ხიდის“ რეზიდენტმა, გერმანელმა DJ ჰეიდენ პეინმა, სასცენო სახელით Phase Fatale 30 ივლისს ინსტაგრამზე დაწერა, რომ მას ბათუმში, კლუბში ჰომოფობიურ ნიადაგზე თავს დაესხნენ.

„იმ კლუბში, რომელშიც მე ამაღამ ვუკრავ, ჰომოფობიურ ნიადაგზე თავს დამესხნენ უსაფრთხოების თანამშრომლებთან დაახლოებული პირები“, – წერდა არტისტი.