ბათუმში კლინიკაში მიმავალ ქალს მანქანა დაეჯახა და გარდაიცვალა

პუბლიკა

გუშინ, 17 მარტს, ბათუმში ორი ავარია მოხდა.

მანქანა დაეჯახა ქალს, რომელიც კლინიკაში მიდიოდა. როგორც კლინიკა „მედინას“ ემერჯენსის უფროსმა, ლევან ქობალიამ „ბათუმელებს” უთხრა, ქალი კლინიკაში უკვე გარდაცვლილი შეიყვანეს.

„მისი შვილი რამდენიმე დღეა რეანიმაციულ განყოფილებაშია, ქალს რძე მოჰქონდა ბავშვთან, საღამოს 9 საათი იქნებოდა,“ – თქვა მან.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ „პუბლიკას” უთხრა, რომ გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად,  რაც გულისხმობს „ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას“, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

დაკავებული ჯერ არავინაა.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ბათუმში გვიან ღამით მეორე ავარია მოხდა. ფრიდონ ხალვაშის გამზირზე, ავტომანქანა კაცს დაეჯახა. „ის სარიტუალო დარბაზ „სამ ძმასთან“, ზებრაზე გადადიოდა. კაცი შემთხვევის ადგილზე დაიღუპა”, წერს გამოცემა.