ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე მდებარე კორპუსის ნაწილი რამდენიმე წუთის წინ ჩამოინგრა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ჩამონგრეული კორპუსიდან ადამიანების ხმა ისმის. ისინი შველას ითხოვენ.
ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახური და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადები. კორპუსის ჩამონგრევის მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია. ვრცელდება რამდენიმე ვერსია. მათგან ერთ-ერთია კორპუსში ბუნებრივი აირის აფეთქების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია.
შენობის მიმდებარედ ნანგრევებში მოჰყვა რამდენიმე ავტომანქანა, ერთ-ერთიდან მაშველებმა მცირეწლოვანი ბავშვი გამოიყვანეს. ნანგრევებიდან გამოიყვანეს, ასევე, კიდევ ერთი მცირეწლოვანიც.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის, მიმდინარეობს ტერიტორიის ნანგრევებისგან გაწმენდა და აქტიური საძიებო-სამაშველო ღონისძიებები. ნგრევის ფაქტზე დაწყებულია გამოძიება, დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება.