ბათუმში აქციაზე დაკავებულია 4 პირი, ერთს სამედიცინო დახმარება დასჭირდა

პუბლიკა

ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლის მიმდებარედ გამართულ აქციაზე პოლიციამ კიდევ ორი პირი დააკავა. ინფორმაცია „პულიკას“ შსს-ში დაუდასტურეს. დღევანდელ აქციაზე სულ 4 პირია დაკავებული.

როგორც „პუბლიკას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ისინი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების საფუძველზე დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ითვალისწინებს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, სამედიცინო დახმარება დასჭირდა ერთ პირს. აქციის მონაწილემ, ანა კონცელიძემ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ მას პოლიციელებმა ჩაარტყეს თავში. იგი აქციიდან სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა გაიყვანა.


გუშინ, 30 ნოემბერს ბათუმში ოპოზიციის აქციაზე ვითარება რამდენჯერმე გამწვავდა.  დაპირისპირება იყო აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის. ამ შემთხვევაში ვითარების გამწვავება თორნიკე რიჟვაძის სამუშაო ოთახის ფანჯრის მიმართულებით ბუშტების  გაშვებამ გამოიწვია. პოლიციის ცნობით, აქციაზე დააკავეს 1 ადამიანი. ადგილობრივი მედია შეხლა-შემოხლის დროს დაშავებული რამდენიმე ადამიანის შესახებაც ავრცელებდა ინფორმაციას.