ბათუმში, მთავრობის სახლთან მიმდინარე აქციაზე 2 პირი დააკავეს

პუბლიკა

აჭარის მთავრობის სახლთან დაპირისპირების დროს დღეს ორი ადამიანი დააკავეს.

ამის შესახებ ინფორმაცია „პუბლიკას“ შსს-ში დაუდასტურეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება მათ წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავება.

აჭარის მაუწყებლის ცნობით, აქციის მონაწილე, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რეზო ხარაზი ბოძზე ჰელიუმის ბუშტების დამაგრებას ცდილობდა, რასაც ხმაური და სიტყვიერ დაპირისპირება მოჰყვა. აქციის მონაწილეები სამართალდამცველებს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაში ადანაშაულებენ.

ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები, უკვე მესამე დღეა მთავრობის სახლთან მიდიან და საპროტესტო წარწერებით ჰელიუმის ბუშტებს შენობასა და ფანჯრებზე ამაგრებენ ან სიმბოლურად ცაში უშვებენ.

გუშინ აქციაზე შსს-მ 4 პირი დააკავა, ერთ პირს კი სამედიცინო დახმარება დასჭირდა.