ბათუმში „ქართული ოცნების" წარმომადგენელმა ამომრჩეველს ფული გადასცა - ISFED

პუბლიკა

ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ ცნობით #79 ბათუმის საარჩევნო ოლქის #45 საარჩევნო უბანთან, მანქანაში მყოფმა სავარაუდოდ პარტია „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა უბნიდან გამოსულ ერთ-ერთ ამომრჩეველს ფული გადასცა.

ISFED-ის განცხადებითვე #79 ბათუმის #85 საარჩევნო უბანთან შედგა სავარაუდო მოსყიდვასთან დაკავშირებული კომუნიკაცია. ორი ამომრჩეველი შეხვდა მესამე პირს, რომელმაც მათ ჰკითხა, იყვნენ თუ არა ხმის მისაცემად და მისცეს თუ არა მათ ფული, რომელსაც დაჰპირდნენ.


დღეს, 30 ოქტომბერს 5 თვითმმართველ ქალაქში, 15 თვითმმართველ თემსა და 24 მაჟორიტარულ ოლქში ადგილობრივი არჩევნების მეორე ტურები იმართება. ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 2 088 722-ს შეადგენს. მოქალაქეები 20 მერსა და საკრებულოების 42 მაჟორიტარ წევრს ირჩევენ.