„ბათუმში რესტორნის მფლობელმა მიმტანზე ფიზიკურად იძალადა" | დაწყებულია გამოძიება

პუბლიკა

რესტორანი „რეტროს“ ყოფილი მენეჯერი მარია ზოიძე Facebook-ზე ვიდეოს აქვეყნებს და ამბობს, რომ რესტორნის მფლობელი თეიმურაზ ვარშანიძე მიმტანზე ფიზიკურად ძალადობს.

ზოიძე წერს, რომ თვითონ რესტორანი ცოტა ხნის წინ დატოვა, რადგან მფლობელმა ვარშანიძემ ხალხით სავსე რესტორანში შეურაცხმყოფელი და ღირსების შემლახავი სიტყვებით მიმართა.

მისი თქმით, რუსების შემოსვლასთან ერთად რესტორანში რუსი თანამშრომლები მიიყვანეს, რომლებიც ძველ თანამშრომლებს ტოქსიკურ სამუშაო გარემოს უქმნიდნენ, მფლობელი კი მისი პრორუსული დამოკიდებულებებიდან გამომდინარე, რუს თანამშრომლებს მხარს უბამდა.

„ამ სიტუაციაში რამდენიმე თვე მომიწია მუშაობა, თუმცა მთავარი მაშინ დაიწყო, როდესაც რეტროს მფლობელმა თეიმურაზ ვარშანიძემ პიკის საათებში, როდესაც უამრავი სტუმარი იყო რესტორნის შუა დარბაზში, შეურაცხმყოფელი და ღირსების შემლახავი სიტყვებით „შემამკო“. თავი დამცირებულად ვიგრძენი და სამსახური მაშინვე დავტოვე.

გუშინ კი ბევრად უარესი რამ მოხდა. რეტროს მფლობელი თეიმურაზ ვარშანიძე (და არამარტო) ხელით შეეხო და ფიზიკურად იძალადა ერთ-ერთ მიმტანზე, რომლის ამსახველ კადრსაც აქ ვაქვეყნებ. არსებობს სხვა კადრებიც, მაგრამ ამას უკვე იქ წარვადგენთ სადაც საჭიროა.

საშინელი შიშის შეგრძნება მაწუხებს. ქვეყანაში ვცხოვრობთ სადაც რესტორნის მფლობელი ხელით ეხება თანამშრომლებს. ძალიან ბევრი რამის თქმა არის შესაძლებელი ამ ამბით მათზე და ასევე სხვებზეც.

მთელი ქვეყანა, რომ რუსეთის ჯიბის რესტორნად იქცა, ფაქტია. ჩვენ კი, მათ პირად მოსამსახურეებად. ამ ერთი ამბიდანაც კი მარტივად შეგიძლიათ დაასკვნათ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების რეალისტურობა. კაცი, რომელიც არის გავლენიანი, პრივილეგირებული რომელსაც გუშინ ხელით შეეხო და ჰგონია, რომ როგორც აქამდე, ახლაც მარტივად გაუვა თავისი გავლენების გამო“, – წერს მარია ზოიძე.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისმობს.

„პუბლიკა” ცდილობს რესტორან „რეტროს“ მფლობელთან, თეიმურაზ ვარშანიძესთან დაკავშირებას. პასუხების მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.