ბათუმში „TV პირველის“ ოპერატორზე ძალადობის საქმეზე 2 პირი დააკავეს

პუბლიკა

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, ბათუმში „ TV პირველის“ ოპერატორის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ორი პირი დააკავა.

უწყების განმარტებით, დაკავებულებს ბრალად ედებათ ადამიანის დევნა მის პროფესიულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით.

„გამოძიებით დადგინდა, რომ 2022 წლის 18 ივნისს, 23:15 საათზე, ქალაქ ბათუმში, 6 მაისის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე,  „TV პირველის“ ოპერატორი პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა –  რესპოდენტთან ერთად პირდაპირი ჩართვისთვის ემზადებოდა, რა დროსაც მასთან ბრალდებულები მივიდნენ და „TV პირველის“ საქმიანობასთან დაკავშირებით აგრესიული საუბრითა და გინებით უკმაყოფილება  გამოთქვეს. აღნიშნულის შემდეგ, ოპერატორსა და ბრალდებულებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება და ფიზიკური დაპირისპირება დაიწყო. ბრალდებულებმა ოპერატორს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ”, – ნათქვამია განცხადებაში.