ბათუმში უკანონო ონლაინკაზინოები გამოავლინეს, დაკავებულია ერთი პირი - ფინანსთა სამინისტრო

პუბლიკა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა აჭარაში უცხოეთის სამი მოქალაქე პასუხისგებაში მისცეს, მათგან ერთი დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებს, ქალაქ ბათუმში, სამ სხვადასხვა ლოკაციაზე, შენიღბულად მოწყობილი ჰქონდათ ონლაინ გათამაშების ობიექტები, საიდანაც შესაბამისი სავალდებულო ნებართვის გარეშე, ინტერნეტის მეშვეობით, საქართველოს ფარგლებს გარეთ მოქმედ ინტერნეტ კაზინოების ვებგვერდებზე გადაიცემოდა ლოტოს გათამაშების პროცესი”, – ნათქვამია განცხადებაში.

დადგენილია, რომ ობიექტების ლეგალურად ფუნქციონირების შემთხვევაში, სახელმწიფო ბიუჯეტში, სანებართვო მოსაკრებლის სახით, თითოეულ მათგანს უნდა გადაეხადა 100 000 ლარი.

უწყების ცნობით, გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით.