ბათუმში ვნახე, რომ ძალიან ბევრი რუსი დადის, საკმაოდ უჯიშო, გაურკვეველი, პროვინციელი რუსები – სააკაშვილი

პუბლიკა

თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო სხდომა მიმდინარეობს. პროცესი პირდაპირ ეთერში გადაიცემა. მიხეილ სააკაშვილმა სიტყვით მიმართა დარბაზში მყოფ ადამიანებსა და მხარდამჭერებს.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი თავის ვრცელ სიტყვაში რუსეთთან საქართველოს მთავრობის დამოკიდებულებას შეეხო, რუსების მიმართ კი ქსენოფობიური და შეურაცხმყოფელი ტერმინი გამოიყენა.

„მე ბათუმში რომ ვიყავი, დავდიოდი და ვხედავდი, რომ ძალიან ბევრი რუსი დადის. ახლა რუსეთში სხვადასხვანაირები არსებობენ, რაღაცა საკმაოდ უჯიშო, გაურკვეველი, რაღაცა პროვინციელი რუსები, რომლებიც ყიდულობენ იმ ბინების  70%-ს, რომელიც იქ შენდება.

მე დავინახე, რომ ციხეშიც ძალიან ბევრი რუსული პროდუქტი იყიდება, ელემენტარული რაღაცები. ტელევიზორში ძალიან ბევრი რუსული არხია ქართულ ენაზე ნათარგმნი. სხვათა შორის, მსგავსი არაფერი არ ხდება უკრაინაში. იქ ეს ყველაფერი არის აკრძალული, რადგან უკრაინა არის რუსეთთან ნაომარი ქვეყანა, ისევე, როგორც საქართველო.

მე ჩამოვედი იმიტომ, რომ ძალიან ბევრი ქართველისგან გამიგია, რომ უნდა ჩამოვულიყავი“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე.