ბავშვები არ გამოცხადდნენ დილიდან გაკვეთილზე, რაც დამრიგებელმა მშობლებს აცნობა - მინისტრის მოადგილე

პუბლიკა

განათლების მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ მახარაშვილის ინფორმაციით, ბავშვები, რომლებსაც ვაკის პარკის შადრევანში დენმა დაარტყა, გაკვეთილებზე დილიდან არ გამოცხადდნენ. მისი თქმით, კლასის დამრიგებელმა ამის შესახებ მშობლებს აცნობა.

„55-ე საჯარო სკოლაში ეს ბავშვები არ გამოცხადდნენ დილიდან გაკვეთილზე და რეგულაციის მიხედვით, რომლითაც ვალდებულია დამრიგებელი, როგორც კი არ გამოცხადდება მოსწავლე სკოლაში, აი ამ რეგულაციის დაცვით, მან აცნობა  მშობლებს, რომ ბავშვები არ ესწრებოდნენ საგაკვეთილო პროცესს. ინფორმირება ჩვენი მხრიდან დამრიგებელმა განახორციელა“, – განაცხადა მან.

შეკითხვაზე, ეკისრება თუ არა პასუხისმგებლობა დამრიგებელს, მინისტრის მოადგილე პასუხობს, რომ მან თავისი მოვალეობა შეასრულა, როცა მშობლებს ბავშვების არყოფნის შესახებ აცნობა.


დღეს ვაკის პარკის შადრევანში ჩასულ ბავშვებს დენმა დაარტყა. გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვებს შადრევანში ბურთი ჩაუვარდათ, ბურთის ამოღებისას შადრევანში დენმა 3 ბავშვს დაარტყა. ერთ-ერთი მათგანი დაიღუპა.

შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსი 240-ე პრიმა მუხლითაა დაწყებული, რაც ელექტრო– ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.