„ბავშვები ქუჩაში ეყარნენ და ეს ბავშვები წამოკრიფა სპირიდონმა“ - მიტროპოლიტი სტეფანე პანსიონზე

პუბლიკა

სინოდის წევრმა, ცაგერისა და ლენტეხის, ასევე, ჭყონდიდის მიტროპოლიტმა სტეფანემ დღეს ხვამლობის დღესასწაულზე გამართულ შეხვედრაზე მრევლს მიმართა და სხვადასხვა საკითხზე ისაუბრა. მიტროპოლიტი თავის გამოსვლაში ძირითადად ჰომოფობიურ და სიძულვილის შემცველ გამონათქვამებს იყენებდა.

მიტროპოლიტმა სტეფანემ ისაუბრა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის შესახებ. მისი თქმით, შეტევა მიდის ოჯახსა და სარწმუნოებაზე.

„… ჩვენი მასწავლებლების ხელფასები გაუკვირდათ, რომ 25 მილიონი ეკლესიას რად უნდაო. რად უნდა და სკოლები რომ გვაქვს, იმისთვის გვინდა, მასწავლებლებს ვუხდით, აღმზრდელებს და ა.შ. ახალ ისიც აღარ უნდათ …

ბავშვები რომ ქუჩაში ეყარენ, კაციშვილს არ აინტერესებდა. ის ბავშვები წამოკრიფა მეუფე სპირიდონმა, სხვა მეუფეებმა, სადაც არსებობს ასეთი პანსიონები. შეკრიბა ეს ბავშვები და მზრუნველობითი გარემო შეუქმნა იქ მათ და დღეს ათას რაღაცას აბრალებენ ამ ბავშვებს.

ისინიც, ვინც ამ სოდომურ პროპაგანდას ეწევიან, რა დღეში ჰყავთ იმათ ბავშვები და საერთოდ რას ასწავლიან, მათი სასწავლებლები რომ ნახოთ უბრალოდ. და ასეთი ტრადიციული, ოჯახური გარემო არ უნდათ. ამაშია საქმე, შეტევა მიდის ოჯახზე, შეტევა მიდის ადამიანის პიროვნებაზე, შეტევა მიდის საწრმუნობაზე და ამით უნდათ თითქოს, რომ თავისუფლების იდეები გაიტანონ და ამ დროს ეს თავისუფლება არ არის. ეს არის ტყუილი. თავისუფლება შეუძლებელია ცოდვის მონობით”, – განაცხადა მან.


გასულ კვირას ნინოწმინდის პანსიონის ახალ მმართველად ბოდბელი მთავარეპისკოპოსი იაკობი დაინიშნა. მან მიტროპოლიტი სპირიდონი ჩაანაცვლა, რომელიც აცხადებდა, რომ სახალხო დამცველის წარმომადგენლებს არ შეუშვებდა პანსიონში.

17 ივნისს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია პანსიონის ხელმძღვანელს, მთავარეპისკოპოს იაკობს შეხვდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ ომბუდსმენმა განაცხადა, რომ მომდევნო კვირას ერთად ჩავლენ პანსიონში.