ბავშვების მიმართ სავარაუდო დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე გამოძიება დაწყებულია - შსს

პუბლიკა

კახეთში, ერთ-ერთ რაიონში, საჯარო სკოლის მოსწავლეებს შორის მომხდარი კამათის შემდეგ, ერთ-ერთი, სავარაუდოდ, ნაცემი ბავშვის მშობელმა კონფლიქტში მონაწილე სხვა ბავშვები დააჩოქა და ბოდიში მოახდევინა. საუბარია, სავარაუდოდ, დედასა და ბებიაზე. დედამ ეს სცენა ვიდეოთი გადაიღო. ვიდეოში, სავარაუდოდ, ბებიის ხმაც ისმის.

ვიდეომასალა გავრცელდა სოციალური ქსელით, ის ახლა აღარ იძებნება, მაგრამ ამის შესახებ ცნობილი გახდა რადენიმე ტელეკომპანიისთვის, რომლებიცნ ამ ჩააწერიდან კადრებს ავრცელებენ.

შემთხვევა, საგაკვეთილო პროცესის დასრულების შემდეგ, სავარაუდოდ, საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

„ფორმულასა“ და „მთავარი არხის“ მიერ გავრცელებულ ვიდეოში, ისმის, როგორ მიმართავს ვიდეოს გადამღები [სავარაუდოდ, დედა] ბავშვებს: „შეგიძლიათ ხმამაღლა დაიწყოთ ბოდიშის მოხდა, კლასმა რომ ნახოს, როგორც თქვენ დაამცირეთ (), ისე უნდა დაგამციროთ თქვენც”. კადრში ისმის, სავარაუდოდ, ბებიის ხმაც, რომელიც დაჩოქილ ბავშვებს ეუბნება: „თუ ვერ იტირებთ თვალებს ამოგთხრით და ისე აგატირებთ, როგორც ის ტიროდა…“.

როგორც ცნობილია მანდატურის სამსახურმა ამ შემთხვევის შესახებ შეატყობინა შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს. „პუბლიკას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში ინფორმაცია დაუდასტურეს. უწყებაში ამბობენ, რომ გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მე-3 პრიმა მუხლით, რაც დამამაცირებელ ან არაადამიანურ მოპყრობას გულისხმობს. შსს-ში დეტალებზე არ საუბრობენ.

მომხდართან დაკავშირებით მეტი დეტალის გარკვევის მიზნით, „პუბლიკა“ მანდატურის სამსახურსა და განათლების სამინისტროს დაუკავშირდა. შემთხვევის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღებისთანავე მასალა განახლდება.