ბავშვებისა და მათი ოჯახების დასახმარებლად სპეციალური ცხელი ხაზი ამოქმედდა – UNICEF

პუბლიკა

გაეროს ბავშვთა ფონდის ცნობით, დღეიდან ამუშავდა სპეციალური ცხელი ხაზი, რომელიც დაეხმარება ბავშვებსა და მათ ოჯახებს, ისარგებლონ ქვეყანაში არსებული სახელმწიფო სერვისით. ცხელი ხაზის მიზანია ბავშვების საჭიროებებზე სწრაფი რეაგირება კორონავირუსის პანდემიის პერიოდში. ცხელ ხაზთან დასაკავშირებლად, ბავშვებმა და მათი ოჯახის წევრებმა უნდა აკრიფონ ნომერი 111. ცხელი ხაზი მუშაობს 24 საათის განმავლობაში, კვირაში 7 დღე და საქართველოდან ყველა ზარი უფასოა.

ცხელი ხაზის ოპერატორები ბავშვებსა და მათ მშობლებს საჭირო კონსულტაციას გაუწევენ და მათ დააკავშირებენ მომსახურების ადგილობრივ მიმწოდებლებთან, მუნიციპალიტეტებსა და სახელმწიფო სააგენტოებთან. ცხელი ხაზი ასევე უპასუხებს სატელეფონო ზარს ბავშვთა მიმართ ძალადობის შესახებ. ამ შემთხვევებში ჩაერთვებიან ფსიქოლოგები და ინფორმაცია მიეწოდებათ სოციალურ მუშაკებს, პოლიციას და სხვა შესაბამის სააგენტოებს. ცხელი ხაზი მუშაობას მომავალ წელსაც გააგრძელებს და სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება.

ცხელი ხაზი საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს და გაეროს ბავშვთა ფონდის ერთობლივი ინიციატივაა. ცხელ ხაზს მართავს სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო. გაეროს ბავშვთა ფონდი უზრუნველყოფს ტექნიკურ მხარდაჭერას და წლის ბოლომდე დაფარავს ცხელი ხაზის ხარჯს, დიდი ბრიტანეთის მთავრობის ფინანსური დახმარებით.